გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს განაცხადა, რომ იზრდება მტკიცებულებათა რიცხვი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის თაობაზე. კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ასახელებს ობიექტების განურჩეველი დაბომბვის და სიკვდილით დასჯის შემთხვევების.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები განურჩევლად უშენდნენ რაკეტებს და ბომბავდნენ დასახლებულ პუნქტებს, კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და ანგრევდნენ საავადმყოფოებს, სკოლებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას", განაცხადა პარასკევს მიშელ ბაშელეტმა, გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში.
გაერო მისიით იმყოფებოდა ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში. მათ მონაცემები 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე შეისწავლეს და თქვეს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლი დადასტურებულად 5 264-ს შეადგენს, დაშავებულია 2 919 ადამიანი. აქედან 92.3% მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე აღირიცხა, 7.7% კი - დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებში, რომელთაც რუსეთის შეიარაღებული ძალები, ან მასთან ასოცირებული ჯგუფები აკონტროლებენ.
"ვიცით, რომ რეალური მონაცემები გაცილებით მაღალი იქნება, როცა გამოაშკარავდება საშინელებები ისეთი ინტენსიური ბრძოლების ადგილებიდან, როგორიცაა მარიუპოლი" - ამბობს ბაშელეტი. მისი თქმით, რუსეთის მიერ კონტროლირებული რეგიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის ფაქტების რიცხვიც ზუსტდება და თანდათან მატულობს.
რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის "დენაციფიკაციაა". კრემლი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას და ომის დანაშაულებათა ფაქტებს უარყოფს.
Facebook Forum