რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, პარტია „ნიხასის“ ლიდერის, ალან გაგლოევის განცხადებით, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობები „მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ გაგლოევმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერი საქართველოს პოლიტიკაზეა დამოკიდებული. სამხრეთ ოსეთის ხალხმა თავისი არჩევანი 1992 წელს გააკეთა. მაგრამ 2002-03 წლებში იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობების დალაგება დაიწყო. თუმცა, როგორც გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთის მოწოდებით დაანგრია ის, რის აღდგენასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა 80-იანი და 90-იანი წლების დასაწყისის აგრესიის შემდეგ, რამაც გამოიწვია საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის 2004 და 2008 წლებში დაპირისპირება. 2008 წლის ომის შედეგად, სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციამ და რიგმა სახელმწიფოებმა აღიარეს. ამჟამად საქართველოსთან დიალოგი ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარეობს, სხვა კონტაქტები არ არსებობს. შესაძლებელია კი მომავალში მათი 2004 წლამდე არსებულ ფორმატში არსებობა - დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე“, - განაცხადა გაგლოევმა.
მან რუსეთთან კავშირისადმი „გენეტიკურ ერთგულებაზეც“ ისაუბრა.
„სამოკავშირეო ვალდებულებისადმი ერთგულება გენეტიკურ დონეზე გვაქვს. გაყოფილი ხალხის ნაწილი რუსეთში ცხოვრობს, მათი რაოდენობა თითქმის უტოლდება სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა რიცხვს. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ჩვენ რუსეთთან ისტორიულად და სულიერად ვართ დაკავშირებული. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო, გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში აღმოჩენილი დახმარება. ამიტომ ურთიერთობები შეიძლება იყოს მხოლოდ სამოკავშირეო და ნდობაზე დამყარებული. რუსეთის ფედერაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მთავარი მოკავშირე და ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი ყოველთვის პრორუსული იქნება და ჩვენი სამოკავშირეო ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ტერიტორიაზე კანონიერება და ეკონომიკური დამოუკიდებლობაა“, - განაცხადა მან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის ინიციატივაზე რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაგლოევმა აღნიშნა, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცალმხრივად არ მიიღება“.
„აქ მთავარი ფაქტორი რუსეთის ფედერაციის მზაობაა მსგავსი პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. აუცილებელია წინასწარი სამუშაოს ჩატარება, გარკვეული შეთანხმების მიღწევა. ყოველი ნაბიჯი აუცილებელია შეთანხმდეს სტრატეგიული პარტნიორობის პოზიციიდან, რათა კიდევ უფრო არ გართულდეს ისედაც არც თუ მარტივი გეოპოლიტიკური ვითარება“, - განაცხადა გაგლოევმა და დაამატა, რომ „ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება რუსეთის შემადგენლობაში, ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა“.
გაგლოევმა დაადასტურა, რომ მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, დმიტრი კოზაკოვს.
„მან ხაზი გაუსვა რუსეთის პატივისცემას ოსი ხალხის არჩევანის მიმართ და გამოხატა მოსკოვის დაინტერესებულობა საარჩევნო პროცესის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაგლოევმა.
პარტია „ნიხასის“ ლიდერმა ალან გაგლოევმა ე.წ არჩევნების პირველ ტურში 38,55%, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი ხმების 34.95% მიიღო. ე.წ. არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს გაიმართება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.
ცხინვალში 10 აპრილს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა, უკრაინამ და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.