დე-ფაქტო ცხინვალში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ცნობილია. ხუთ კანდიდატს შორის, ვერც ერთმა მოახერხა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი მოეგროვებინა. ამ ეტაპზე ახალი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი არჩეული არაა. მის ვინაობას არჩევნების მეორე ტური გამოავლენს, რომელიც, შედეგების სრულად დათვლიდან ორი კვირის შემდეგ უნდა დაინიშნოს. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, ცხინვალში საარჩევნო ვნებათაღელვის გადატანა კიდევ ერთხელ მოუწევთ.
ხმათა რაოდენობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ოპოზიციური კანდიდატი ლიდერობს. მან, პროცენტულად უფრო მეტი მხარდამჭერის მობილიზება შეძლო, ვიდრე მოქმედმა პრეზიდენტმა ბიბილოვმა.
დე-ფაქტო საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის ხმების 95 პროცენტი დაითვალა. ამის შესახებ განაცხადა დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა მარინა ცხოვრებოვამ. მოქმედი პრეზიდენტისა და ამავროულად, პრეზიდენტობის კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის განცხადების თანახმად კი ხმათა 96 პროცენტია დათვლილი და ისეთი არაფერი მომხდარა, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
ოფიციალურმა თბილისმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამართული არჩევნები დაგმო და პროვოკაციული უწოდა. „საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს,“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამართული ეგრეთ წოდებული არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. „შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები" და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი", რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს,“ - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
11 აპრილის მონაცემებით, ხმები ასე ნაწილდება - დე-ფაქტო მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხმების 33,5 პროცენტი მიიღო, ალან გაგლოევმა კი, მისმა მთავარმა კონკურენტმა, პარტია „ნიხასის“ ხელმძღვანელმა 36.9. შემდეგ მოდის ალექსანდრ პლიევი, ხმათა 11,9 პროცენტით, გარი მულდაროვი - 8,9 და დიმიტრი ტასოევი 2,8 პროცენტით. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 1,8 პროცენტმა.
რეფერენდუმი, რუსეთის ფედერაციასთან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერთების თაობაზე ამ დროისთვის ჰაერშია გამოკიდული და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი დე-ფაქტო ადმინისტრაციაში. საკითხი რეფერენდუმის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა წამოჭრა არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე. ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია ცხინვალში მას დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა და ადასტურებდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთება ყველა ადგილობრივის სურვილია, თუმცა ბიბილოვის მთავარმა კონკურენტმა, გაგლოევმა რეფერენდუმის იდეა არ გაიზიარა.
„ნიხასის“ ხელმძღვანელს და ყველაზე მეტი ხმის მიმღებს საპრეზიდენტო არჩევნებზე არც ის უთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების იდეას არ იზიარებს და არც ის, რომ იზიარებს. მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხი რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს და რომ ის ცალმხრივად არ უნდა მიიღონ.
„ორი იდეოლოგიის“ ჯახი უწოდა გაგლოევის ამგვარ შეხედულებას ბიბილოვმა 11 აპრილს, ბრიფინგზე, თუმცა მას არ აუხსნია ამ იდეოლოგიის რაობა, ან შინაარსი.
„რა იდეოლოგიებზეა საუბარი, მგონი ყველამ კარგად იცის. აქ უკვე ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი. ვისაც ხალხი გადაწყვეტს, ის იქნება გამარჯვებული. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის, რაც გამოავლინეს ამომრჩევლებმა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. ამგვარი წესიერება რომ დაიტრაბახოს, ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია,“- განაცხადა ბიბილოვმა.
არჩევნების შემდგომ, ხმის დათვლის პროცესის დროს, ადგილობრივებმა ცხინვალის ცენტრში მობილიზება დაიწყეს. აქ მივიდა ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, ბიბილოვის გარდა. „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ზურაბ ბენდიანიშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ეს ერთგვარად, პრევენციული შეკრება გახლდათ იმ მიზნით, რომ მიღებული ხმები დაცული ყოფილიყო.
მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ მოქმედ პრეზიდენტს საზოგადოება მკაცრად გაუკონტროლებდა არჩევნებზე მიღებული ხმების დათვლას და თვალს არავინ დახუჭავდა ხმების მოპარვის შემთხვევაში, ვითარება განიმუხტა. ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ბიბილოვმა იგრძნო საჭიროება, უკან დაეხია. მან ბრიფინგზე აღიარა მეორე ტურის შესახებ, შესაბამისად, აღარ დადგა პროტესტის ქუჩაში გამოხატვის საჭიროება.
ღამით, ცხინვალში შეკრებილებმა, მათ შორის პრეზიდენტობის დანარჩენმა სამმა კანდიდატმა (ბიბილოვის გარდა), გაგლოევს მხარდაჭერა დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მზად იყვნენ არჩევნების შედეგების დაცვისთვის. ამგვარ ვითარებაში, ბიბილოვს ისღა დარჩა, რომ მეორე ტურის შესახებ განეცხადებინა. უფრო მეტიც, მან ისიც კი დაამატა, რომ მეორე ტური ძალიან სასიამოვნოა.
„უკანონო ქმედებებს ექნება ადგილიო, ასე ამბობდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ ყველა კარგად ხედავთ, რომ ამგვარი არაფერი ხდება. ყველა დამკვირვებელი ამბობს, რომ სრული კანონის დაცვით მიმდინარეობდა პროცესი. 96 პროცენტზე მეტი დათვლილია და ცნობილია, რომ მეორე ტური იქნება. სადაო არაფერია და ეს ყველა კანდიდატმა იცის. ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებდით. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ გაგლოევთან ერთად ვიქნები მეორე ტურში“- განაცხადა ბიბილოვმა.
საინტერესო დეტალი, რაც დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოიკვეთა, ახალგორის ამომრჩეველს ეხება. მათ მოქმედი პრეზიდენტის, ბიბილოვისადმი მკვეთრად გამოხატეს დამოკიდებულება. ბიბილოვმა ახალგორში 72 ხმა მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი 304.
მესამე წელია ახალგორელები ბლოკადაში იმყოფებიან, ბიბილოვის გადაწყვეტილების გამო. მან ადგილობრივებს პირდაპირ მოსთხოვა, მიემართათ საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის პოსტის აღება მოეთხოვათ. ახალგორელებს ეს არ გაუკეთებიათ. ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით, 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2019 წლის შემდგომ, ახალგორელები ვერ ახერხებენ საქართველოს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას, რადგან გზა თბილისისკენ ჩაკეტილია.
ალან გაგლოევი ახალგორელებს თბილისისკენ გზის გახსნას დაჰპირდა.
„ცხადია, რომ ბიბილოვი აქცენტირებას აკეთებს რუსეთთან მიერთების საკითხზე. თითქოს მას ეს უნდა, ოპონენტს კი არა. უბრალოდ, სხვა არგუმენტი არ აქვს, თუმცა ამან, პირველ ტურში არ უშველა. ჩემი აზრით, არც მეორე ტურში გადაარჩენს. უფრო მეტიც, რომ მოიგოს არჩევნები, დიდი საპროტესტო ტალღა აგორდება ცხინვალში, რადგან ცხინვალელებისთვის მისი ფიგურა მიუღებელია. ვფიქრობ, ბიბილოვს რომ გაემარჯვა, რეფერენდუმს რუსეთთან მიერთების თაობაზე, ჩაატარებდა. გაგლოევი ამას არ აპირებს. ის რუსეთისგან ელოდება დირექტივას, რომ ჩაატაროს რეფერენდუმი,“- გვეუბნება ზურაბ ბენდიანიშვნილი.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამართული არჩევნები ყურადღების მიღმა არ დარჩენია რუსეთთან ომში ჩაბმულ უკრაინის ხელისუფლებას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა გმობს უკანონო „არჩევნებს“, რაც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას. „ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგები. რუსეთის მიერ ორგანიზებულმა არალეგალურმა არჩევნებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის ფონზე ხდება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების ვითარება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის,“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სრული შედეგების წარდგენას ცხინვალში 12 აპრილისთვის გეგმავენ.