ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში იმყოფება. ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში მედიისთვის ცნობილი არ იყო. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტის შესახებ საზოგადოებამ მის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტის „დღეს კიევში“ გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო.
არსებული ინფორმაციით შარლ მიშელი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. მიშელი ტვიტერზე წერს, რომ ის იმყოფება კიევში „თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“
მიშელი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს კიევში გამართავს. ის ამ დროისთვის ბოროდიანკაში იმყოფება და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. „მე ვარ ბორდიანკაში, ბუჩის და სხვა ქალაქების მსგავსად, ისტორია არ დაივიწყებს ომის დანაშაულებს, რომელიც აქ არის ჩადენილი. შეუძლებელია იყოს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე,“- წერს ტვიტერზე მიშელი.
შარლ მიშელი ევროპულ საბჭოს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანას მოიცავს. ის პირველი ლიდერი არ არის, რომელიც კიევში ჩავიდა. მანამდე კიევს სტუმრობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.
კიევში ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ასე გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და კიევის ოლქში არსებულ ვითარებას სწავლობენ, ქალაქებში რომელიც რუსების მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ოკუპირებული.