ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სლოვაკეთს S-300-ის ჩასანაცვლებლად "პატრიოტის" სისტემას მისცემს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს, საბჭოთა პერიოდის საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300-ის უკრაინისთვის გადაცემისთვის. ბაიდენის თქმით, სლოვაკეთისთვის ამ ანტი-საჰაერო სისტემას ამერიკული წარმოების "პატრიოტის" სისტემით ჩაანაცვლებენ.

ბაიდენმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვითი სისტემის გადაცემის საჭიროება მასთან ლაპარაკში წამოჭრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა მანამდე თქვა, რომ სლოვაკეთი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს საბჭოთა პერიოდის S-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ჰეგერმა ეს განცხადება ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად კიევში ვიზიტის დროს გააკეთა. მოგვიანებით ევროკავშირის დელეგაცია ზელენსკის შეხვდა.

ნატოელმა მოკავშირეებმა, გერმანიამ და ჰოლანდიამ გასულ თვეში სლოვაკეთს გაუგზავნეს პატრიტის საჰაერო თავდაცვის სისტემის სამი რიგი, რომლებიც ბრატისლავის თქმით, დაემატებოდა, მაგრამ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებდა S-300-ს. ბრატისლავა აცხადებდა, რომ მზად იყო დაეთმო S-300-ის სისტემა იმ პირობით, თუკი მის სრულ შემცვლელს მიიღებდა.

პატრიოტის სისტემა და აშშ-ის სამხედროების ჯგუფი სლოვაკეთში რამდენიმე დღეში ჩავლენ. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტიმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მიესალმება სლოვაკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას S-300-ის უკრაინისთვის გადაცემაზე.

XS
SM
MD
LG