ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა 6 მეტრის დაცილებით - რა მოხდა სინამდვილეში კრემლში


ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა გრძელი მაგიდა, რომელთანაც რუსეთის და საფრანგეთის ლიდერები ისხდნენ. კვირის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ჩასულ ემანუელ მაკრონს მასპინძლობდა, საუბრის თემა უკრაინის კრიზისი იყო. მსოფლიოს ორ ლიდერს შორის დიდი დაცილება, ბევრი პოპულარული ხუმრობის მიზეზი გახდა. როგორც ირკვევა, მიზეზი პუტინის უსაფრთხოების საკითხი იყო.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტს მოსკოვში ვიზიტისას, კრემლმა კოვიდ19-ის ტესტირება მოსთხოვა, თუმცა მაკრონმა რუსული ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა არ ისურვა, რომ რუსეთს მისი დნმ-ის ინფორმაცია მოეპოვებინა. „როიტერი“ ამბობს, რომ მათ ეს ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ორმა სანდო წყარომ მიაწოდა.

შეიძლება სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დისტანცირების წესების სრული დაცვით წარიმართა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კრემლმა მაკრონს ორი არჩევანი შესთავაზა. პირველი: გაეკეთებინა კოვიდ-19-ის ტესტი და ის ამ შემთხვევაში შეძლებდა პუტინთან მიახლოებას და მეორე: უარი ეთქვა შეთავაზებაზე და დაცული ყოფილიყო მკაცრი სოციალური დისტანცირების წესები.

ინფორმაცია „როიტერმა“ კრემლში გადაამოწმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ მაკრონმა რუსეთში ტესტირებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მას 6-მეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება ჰქონდა, რათა დაცული ყოფილიყო კრემლის ლიდერი. „აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია,“- ამბობს პესკოვი.

მაკრონის გარემოცვაში ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს პარიზში უკვე გაკეთებული ჰქონდა "პი-სი-არ" ტესტი. ანტიგენის ტესტი კი რუსეთში მისი პირადი ექიმის მიერ გაკეთდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG