"როიტერი" იუწყება, რომ იაპონიამ, შეერთებული შტატების თხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს, თუ უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდების დარღვევას გამოიწვევს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რომელსაც წყარო არ დაუსახელებია, მთავრობა ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოაცხადებს.
ცნობა მას შემდეგ შემოვიდა, რაც წყარომ „როიტერს“ უთხრა, რომ შეერთებული შტატებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, იაპონია დახმარების ფორმების საკითხს განიხილავდა.
იაპონიის მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგუიდამ თქვა, რომ იაპონია გათხევადებული ბუნებრივი გაზის საკვანძო იმპორტიორია, მაგრამ საერთაშორისო დახმარების გაწევამდე უნდა დარწმუნდეს, რომ შიდა მოხმარებისთვის საკმარისი მარაგი აქვს.
ჰაგუიდამ უარი თქვა დაედასტურებინა მედიით გავრცელებული ცნობები შეერთებული შტატების თხოვნის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ იაპონია ათწლეულების განმავლობაში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარების წამყვანი ძალა იყო.
ზამთრის დამატებითი ცივი ამინდის მოლოდინში, მწირი რესურსების მქონე იაპონიას პირველ რიგში შიდა მომარაგების უზრუნველყოფა დასჭირდება.
„შევხედავთ რის გაკეთება შეიძლება მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას არ მოახდენს“, თქვა მინისტრმა.
გასულ კვირაში, შეერთებულმა შტატებმა - ბუნებრივი გაზის მსოფლიოში უდიდესმა მომპოვებელმა - ყატარს და სხვა წამყვან ენერგო-მიმწოდებლებს სთხოვა გადაეხედათ საკუთარი შესაძლებლობებისთვის, მოახერხებენ თუ არა ევროპისთვის გაზის მიწოდებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს.
გასულ კვირაში წყარომ „როიტერს“ უთხრა, რომ ყატარს აშშ-ს დახმარება დასჭირდება, რათა მისი მყიდველები დაარწმუნოს გაზი ევროპისკენ გადაამისამართონ, რომლის მოთხოვნის დაახლოებით 30-40 პროცენტს რუსეთი აკმაყოფილებს.