ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზპრომი ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ


რუსეთის ენერგო-გიგანტის, „გაზპრომის“ წინადადება ბუნებრივი გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით კიევმა არ მიიღო. კიევის ნაბიჯი კიდევ უფრო ართულებს დასავლეთ ევროპის ქვეყნების მცდელობას დაარწმუნონ ცენტრალური ევროპის ქვეყნები მხარი დაუჭირონ კრემლის „ნორდსტრიმ 2“ - ის მილსადენის პროექტს ბალტიის ზღვის ქვეშ, რომელიც უკრაინის და პოლონეთის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ გაზს გერმანიას მიაწვდის.

ევროპასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ზრდასთან ერთად „ნორდსტრიმ 2“-ის გარშემო არსებული დავა კიდევ უფრო გაცხარდა. არსებობს ეჭვები, რომ კრემლის გეგმა უკრაინის ტრანზიტული ფუნქციის მნიშვნელობის შემცირებაა. მოსკოვს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს.

ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთს „ძალზედ უნდობელი პარტნიორი“ უწოდა. გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში მან თქვა, რომ „ნორდსტრიმ 2“ კრემლს მისცემს შესაძლებლობას, რომ სურვილის შემთხვევაში უკრაინას გაზი გაუთიშოს ისე, რომ ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არ შეეხებათ. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა რუსეთისგან ბუნებრივ გაზს უკრაინის გავლით იღებს. „ნორდსტრიმ 2“ ბალტიის ზღვის ქვეშ ძველ მილსადენს ჩაანაცვლებს, და მომავალი წლისთვის რუსული გაზის მიწოდება გერმანიასთან გაორმაგდება. გერმანიის წარმომადგენლები უკრაინის და პოლონეთის შეშფოთებას არ იზიარებენ და გასულ თვეს მათ მილსადენის ასაშენებლად გერმანიის ტერიტორიასა და წყლებში, უფლება გასცეს.

პროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ასევე ფინეთმა.

მერკელის პოზიცია

კიევის მიერ ხანგრძლივი ლობირების შემდეგ და გერმანიის სამთავრობო კოალიციის მხრიდან მზარდი ზეწოლის პირობებში, კანცლერმა ანგელა მერკელმა მილსადენის პროექტის გარშემო მისი რიტორიკა გაამწვავა. მილსადენის აშენება რამდენიმე მილიარდი დოლარი დაჯდება და 1200 კილომეტრს დაფარავს. რუსეთის ქალაქ ვიბორგიდან გერმანიის ქალაქ ლუბმინამდე. რუსეთი ამ დროისთვის ევროპის მიერ მოხმარებული გაზის ერთ-მესამედის მიმწოდებელია. თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად მომავალ 10 წელში რუსეთის გაზის წილი შესაძლოა 50 პროცენტამდე გაიზარდოს.

აქამდე ანგელა მერკელს „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტზე საუბრისას, და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვისას, გეოპოლიტიკურ განზომილებაზე არ უსაუბრია. მან არ მიიღო პოლონეთის პრემიერ მინისტრის მორავიცკის შეშფოთება, როდესაც ამ უკანასკნელმა მერკელთან შეხვედრისას თქვა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაზე ევროპა რუსულ ენერგიაზე ძალიან დამოკიდებული გახდება. მისი თქმით რუსეთს „არ უნდა მიეცეს მონოპოლია და იმის შესაძლებლობა, რომ დაუწესოს საკუთარი ფასები ევროკავშირს“ ან გამოიყენოს გაზი ევროკავშირის მთავრობების შანტაჟისთვის.

პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა პირველად აღნიშნა მილსადენის პროექტის პოლიტიკური და სტრატეგიული ასპექტები. მისი თქმით პროექტი მხოლოდ მაშინ განხორციელდება თუ უკრაინის როლი, როგორც რუსული გაზის ტრანზიტული ქვეყნის, დაცული იქნება.

მისი თქმით, შემოსავალი, რომელსაც ბუნებრივი გაზის ტრანზიტიდან უკრაინა იღებს სტრატეგიული მნიშვნელობისაა. „სწორედ ამიტომ მე ძალიან ნათლად ვთქვი, რომ „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტი უკრაინის სატრანზიტო როლის გარშემო სიცხადის გარეშე ვერ განხორციელდება“, - თქვა მერკელმა.

უკრაინა და პოლონეთის გარდა „ნოდსტრიმის“ პროექტი ბალტიის ქვეყნებს, სლოვაკეთს, შვედეთს, და დანიასაც აშფოთებს. ამის მიზეზი ერთი მხრივ უკრაინის მიმართ სოლიდარობაა, რომელიც ნორდსტრიმ 2-ის განხორციელების შემთხვევაში ყოველწლიურად 3 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს და ამასთან, მათი სიფრთხილე, რომ ევროპა რუსულ გაზზე მზარდად დამოკიდებული გახდება. რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდა, ამ ქვეყნების აზრით, გეოპოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისთვის რუსეთს დამატებით ბერკეტს შესძენს. მათ შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატებიც იზიარებს. ვაშინგტონმა გერმანიას მოუწოდა „ნორდსტრიმ 2“-ის დამტკიცებას ფრთხილად მოეკიდოს და დაპირდა ევროპის ქვეყნებს, რომ ამერიკა მათ უფრო მეტ თხევად გაზს მიაწვდის.

მილსადენის კრიტიკოსები

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, „ნორდსტრიმ 2“-ს ახასიათებს როგორც „გეოპოლიტიკურ შეცდომას“ ევროკავშირისთვის . მისი თქმით თუ ის დამტკიცდება, ეს გააუვნებელყოფს გაერთიანების მიერ რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებულ სანქციებს.

გასულ კვირას, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა სიაში გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერიც შევიდა. გაზპრომის აქციების 50 პროცენტს რუსული სახელმწიფო ფლობს.

სამშაბათს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა თქვა, რომ ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ქვეყნებმა საერთო ჯგუფი შექმნეს, რათა წინ აღუდგენ პროექტის განხორციელებას. „ჩვენ ყოველთვის ერთიანი ვიყავით ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისას „ნორდსტრიმ 2“-ის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არა ეკონომიკური და ბიზნეს, არამედ პოლიტიკური პროექტია“, - თქვა მან.

შვედეთის და დანიის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ყოყმანობს გასცეს თუ არა მშენებლობის უფლება. გასულ წელს დანიის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც დანიის მთავრობას უფლებას აძლებს დაბლოკოს მილსადენი, რომელიც მის ტერიტორიულ წლებში გადის.

გაზპრომმა მარტში განაცხადა, რომ ის უკრაინასთან კონტრაქტს გააუქმებდა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ რუსულ ენერგო-კომპანიას უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზისთვის“ 2.5 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა.

გაზპრომის ტრანზიტი

გაზპრომმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ის ევროპის ეჭვების გაფანტვას შეეცადა. კომპანიის ხელმძღვანელმა, მილერმა თქვა, რომ კომპანია უკრაინის გავლით ტრანზიტის სრულ შეჩერებას არ გეგმავს და შეინარჩუნებს ყოველწლიურად 10-15 მილიარდი კუბური მეტრის ტრანზიტს.

თუმცა უკრაინის ენერგო მინისტრი, იგორ ნასალიკი ამბობს, რომ ეს ძალზედ მცირე მოცულობაა. მისი თქმით უკრაინა არ მიიღებს ამ პირობას.

უკრაინა აცხადებს, რომ შეთანხმება უკრაინისთვის „ეკონომიკურად მომგებიანი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინის გავლით რუსეთი ევროპას 40 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. გასულ წელს, უკრაინის გავლით ევროპას 93,5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიეწოდა. ეს ევროპის მიერ გაზპრომისგან შეძენილი გაზის ნახევარს უდრის.

მერკელის რიტორიკის ცვლილება „ნორსტრიმ 2“-ის გარშემო, გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთისადმი კრიტიკულ განცხადებებს მოჰყვა. უკრაინის თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მთლიანად პოლიტიკურია. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინის მილსადენის მოდერნიზაცია უფრო ნაკლები დაჯდება ვიდრე „ნორდსტრიმ 2“-ის აშენება.

რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პროექტს პოლიტიკურად ევროპელი მოწინააღმდეგეები წარმოაჩენენ. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროექტი არ შესრულდება ევროპას, სავარაუდოდ, მომავალ ათწლეულში გაზის დეფიციტთან და მაღალ ფასებთან მოუწევს გამკლავება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG