რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ენტონი ბლინკენი კიევში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელ აგრესიას უკავშირდება.
უკრაინაში ყოფნის დროს, ამერიკის პირველი დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას შეხვდება, „რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტრიული მთლიანობის შესახებ“- წერია განცხადებაში.
კიევში ყოფნისას ენტონი ბლინკენი საელჩოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდება, რათა გაუთვალისწინებელი ვითარებების დროს სამოქმედო გეგმა განისაზღვროს, თუ რუსეთი ესკალაციაზე გადავა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი გერმანიაში ჩავა. „სახელმწიფო მდივანი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ ერთიანი მიდგომის შემუშავებასა და ძალისხმევაზე გაამახვილებს ყურადღებას,“- წერია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, გერმანიაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი 20 იანვარს დაიწყება, სადაც ასევე განხილული იქნება რუსეთის ქმედებები უკრაინაში. საუბრის მთავარი თემა იქნება გასულ კვირას ამერიკასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებებიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი გერმანიაში ვიზიტის დროს რუსეთისთვის მძლავრი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებაც ისაუბრებს. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება მკაცრი სანქციები უნდა ამოქმედდეს,
ამ პოზიციას ევროპული სახელმწიფოებიც იზიარებენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი გერმანიაში ყოფნის დროს საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკს შეხვდბა შემდეგ კი ტრანსატლანტიკური ოთხეულის შეხვედრა გაიმართება.
„სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანს, დაძაბულობის განმუხტვა წარმოადგენს,“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook Forum