ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ომის დასრულებისთვის, გადაწყვეტილებების მისაღებად მზადაა


უკრაინა მზადაა, რომ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის უახლოეს სამიტზე, დონბასში ომის დასასრულებლად აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა.

„დროა, რომ შევთანხმდეთ ამ კონფლიქტის დასრულებაზე და ჩვენ მზად ვართ საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ოთხი ქვეყნის ლიდერების მომდევნო სამიტისას“, - ვკითხულობთ ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი იერმაკმა თქვა, რომ უკრაინას სურს შეთანხმდეს ისეთ ზომებზე, როგორიც მაგალითად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აღსრულება და პატიმართა გაცვლის გაგრძელებაა.

ვაშინგტონი და კიევი აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვართან სახიფათოდ ახლოს მობილიზებული ათობით ათასი რუსი სამხედრო ახალი თავდასხმისთვის ემზადება. ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლები ორშაბათს ჟენევაში შეხვდნენ.

შვეიცარიაში გამართული თითქმის 8-საათიანი მოლაპარაკებები ხელშესახები, რეალური შედეგების გარეშე დასრულდა. მოსკოვს კვლავ ვაშინგტონისთვის მიუღებელი მოთხოვნები აქვს. პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.

„სამწუხაროდ ჩვენი პრინციპული მიდგომა ამ საკითხისადმი ძლიერ განსხვავდება. ზოგი კუთხით ამერიკასა და რუსეთს საპირისპირო შეხედულება აქვს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„ჩვენ მტკიცენი ვიყავით. [რუსეთის] უსაფრთხოების შემოთავაზებები ჩვენთვის რაიმეს დასაწყისი ვერ იქნება“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა ცალკე გამართულ სატელეფონო ბრიფინგში.

თუმცა შერმანმა ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა ორივე მხრიდან იყოს გარკვეული დათმობები. მან თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა ისაუბროს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროპაში სარაკეტო სისტემების განთავსება და სამხედრო წვრთნების რაოდენობისა და მასშტაბის შემცირება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG