ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ“ - ირლანდიელი მუსიკოსის შემზარავი მკვლელობა გორში


28 წლის ირლანდიელი თომას კენედი გორში სცემეს, გაძარცვეს და მტკვარში გადააგდეს
28 წლის ირლანდიელი თომას კენედი გორში სცემეს, გაძარცვეს და მტკვარში გადააგდეს

გორში, ირლანდიელი მუსიკოსის თომას კენედის სასტიკი მკვლელობის გამო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 28 წლის გიორგი ბალაშვილს, 20 წლის გიორგი ქარელს, 19 წლის ზურა ფალავანდიშვილსა და 17 წლის გიორგი ოხანაშვილს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო 24 წლის ბარმენსა და მუსიკოსს ვასილ ოქროპირიძეს დანაშაულის დაფარვის გამო, 3-დან 7 წლამდე ციხე ელის. გორის სასამართლომ ხუთივე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

28 წლის მუსიკოსმა თომას კენედიმ, რომელიც ირლანდიიდან, მეიოს საგრაფოდან იყო, საქართველოში მოგზაურობა აგვისტოს ბოლოს დაიწყო.

თომას კენედი
თომას კენედი

სოციალურ ქსელში, ბოლო შეტყობინებაში თომასი მეგობარს წერდა - „სადმე შორს წასვლას ვფიქრობდი და საქართველო იდეალური აღმოჩნდა. პატარა ქვეყანა დიდი ისტორიით. ჯერ სტალინის მუზეუმი არ მინახავს. ქალაქის გარშემო სანახაობებს ვათვალიერებ. მალე ყაზბეგში ვაპირებ წასვლას“. თომასი ამ შეტყობინებიდან მალევე გორში, სცემეს, გაძარცვეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. პოლიციის განცხადებით, იგი ცოცხალი იყო, როცა ხიდიდან მდინარეში ჩააგდეს.

ადრე, სასურველი, სტუმრის მოყვარული, ლაღი, ფერადი, საინტერესო და ღიმილიანი ქვეყანა დაემსგავსა ტომს რომელიც უცხოს ქვაბში ჩასვამს და მის გარშემო ჩვენს მრავალხმიან სიმღერებს და უნიკალურ ცეკვებს ვასრულებთ, ჰო, აი ასეთები ვჩანვართ კანიბალები და უღმერთოები
გიორგი სუხიტაშვილი, გორელი მომღერალი

„ერთი წამით შორიდან შეხედეთ ჩვენს „ღვთით კურთხეულ“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“, „მადლიან და კეთილ“ ქვეყანას. იცით როგორს გვხედავენ?“ - ასე გამოეხმაურა თომას კენედის მკვლელობას გორელი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

„ადრე, სასურველი, სტუმრის მოყვარული, ლაღი, ფერადი, საინტერესო და ღიმილიანი ქვეყანა დაემსგავსა ტომს, რომელიც უცხოს ქვაბში ჩასვამს და მის გარშემო ჩვენს მრავალხმიან სიმღერებს და უნიკალურ ცეკვებს ვასრულებთ, ჰო, აი ასეთები ვჩანვართ კანიბალები და უღმერთოები“ - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.

შემზარავი მკვლელობა გორში, 7 ოქტომბერს მოხდა. ირლანდიელი მუსიკოსი ქალაქის ცენტრში სეირნობის დროს, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდა, სადაც ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ. საერთო ენის გამონახვის შემდეგ, თომასმა ახლადგაცნობილი გორელები ლუდზე დაპატიჟა.

პროკურატურის ვერსიით, ბალაშვილმა, ფალავანდიშვილმა, ოხანაშვილმა და ქარელმა თომას კენედის გაძარცვა გადაწყვიტეს, ეს განზრახვა მათ ოქროპირიძეს გაანდეს, რაზეც მან უარი თქვა, თუმცა დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიების მიხედვით, თომას კენედი რკინიგზის სადგურთან ახლოს გაიყვანეს, სასტიკად სცემეს, გაძარცვეს, ტელეფონი და საკრედიტო ბარათი წაართვეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, იქვე მდინარე მტკვარში გადაადგეს. ამის შემდეგ, მათ რამდენიმე მაღაზიაში თომასის კუთვნილი საკრედიტო ბარათით ლუდი, სიგარეტი და პროდუქტი იყიდეს.

მეორე დღეს, ბალაშვილმა მოკლულის მობილური ლომბარდში 380 ლარად ჩააბარა, ბრალდებულებმა ფული გაიყვეს და ლუდი დალიეს. გამოძიების მტკიცებით, ოთხეულმა მკვლელობის შესახებ ქუჩის მუსიკოსს ვასილ ოქროპირიძესაც უამბო და მცირე თანხა მანაც მიიღო.

უსასტიკესად მოკლული თომასის ცხედარი მდინარე მტკვარმა 9 ოქტომბერს, უფლისციხესთან, სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა. იგი ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა.

“ჩვენ ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ, როგორც ვიცი, თომი სოციალური ქსელით ქართველ გოგონას ესაუბრებოდა და ამის გამო წავიდა საქართველოში. არ ვიცი აქედან რა გამოვიდა, შეხვდნენ თუ არა ისინი, თუ მარტო მოგზაურობდა იქ“ - უთხრა ბრიტანულ მედიას თომის ბიძამ დარენ პოინტონმა. მისივე თქმით, „თომი ძალიან კარგი ადამიანი იყო, იგი სამი წელია არ სვამდა და ოჯახი გულდაწყვეტილია ინფორმაციით, რომ თომმა დალია“.

ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ, სიტყვები არ გვყოფნის, ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ჩვენი მშვენიერი და ნიჭიერი ბიჭის გარეშე
ოლივია ბარეტი, მოკლული თომას კენედის ბიძაშვილი

“ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ, სიტყვები არ გვყოფნის, ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ჩვენი მშვენიერი და ნიჭიერი ბიჭის გარეშე“ - ამბობს თომას კენედის ბიძაშვილი ოლივია ბარეტი.

ოლივია ბარეტმა 12 ოქტომბერს საქართველოში თომასის ოჯახის წევრების ჩამოსვლისთვის და ცხედრის გადასასვენებლად, სოციალურ ქსელში ფინანსური დახმარება ითხოვა. ირლანდიაში ამ თხოვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ დღეში უკვე შეგროვდა 40 000 ევროზე მეტი და თანხის გადარიცხვა თომასის ოჯახის დასახმარებლად ამ დრომდე გრძელდება.

თომასის ცხედრის გადასასვენებლად ირლანდიაში ერთ დღეში 40 000 ევრო შეგროვდა
თომასის ცხედრის გადასასვენებლად ირლანდიაში ერთ დღეში 40 000 ევრო შეგროვდა

თანხის შეგროვებაში აქტიურად არის ჩაბმული, ირლანდიაში სპორტის ეროვნული სახეობის, გელური ფეხბურთის კლუბი, ლაჰარდანეს McHales GAA. თომასი 14 წლის ასაკში მშობლიური სოფლის გუნდის კაპიტანი ყოფილა და იუნიორთა შორის, მეიოს საგრაფოს ჩემპიონიც გამხდარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG