ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია, ბელგია და ავსტრალია ქაბულში საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციისთვის სამხედროებს გზავნიან


მას შემდეგ, რაც ქაბულზე კონტროლი თალიბანმა აიღო, რიგი ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადებიან. საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი ქაბულში სამხედროებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმებს გზავნიან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქაბულში უახლოეს პერიოდში გერმანული სამხედრო თვითმფრინავები ჩავლენ, რომლებიც საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციაში ჩაერთვებიან. ჰეიკო მაასის განცხადებით, კონკრეტული დრო როდის მოხდება გერმანიის მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რადგან ბუნდოვანია ქაბულში არსებული ვითარება. განიხილება ევაკუაციის კიდევ ერთი გეგმა, შესაძლოა გერმანიის მოქალაქეების მეზობელ ქვეყნებში გაყვანა მოხდეს და შემდეგ მოხდეს მათი სამშობლოში დაბრუნება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საელჩოს თანამშრომლები და ადგილობრივი თანამშრომლები ავღანეთიდან მშვიდობიანად გამოვიყვანოთ. წინასწარ რაიმეს განსაზღვრა რთულია არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად მიჭირს დეტალებზე საუბარი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან რათა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ“, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს საათებში ავღანეთიდან ბელგიის მოქალაქეების ევაკუაციაც დაიწყება. ამისთვის ბელგია სამხედრო თვითმფრინავებს გამოყოფს. ბელგიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოხდება როგორც ბელგიელების, ასევე საელჩოში დასაქმებული ავღანელების ევაკუაცია.

ქაბულიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დიპლომატების ევაკუაციაზე მუშაობს ავსტრალიაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ქაბულიდან საელჩოს თანამშრომლებთან ერთად მოხდება იმ 130 ავღანელის გამოყვანაც, რომლებმაც სპეციალური ჰუმანიტარული ვიზა უკე მიიღეს. კონკრეტული დრო ევაკუაციის შესახებ ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ავღანეთში არსებული ვითარება მთავარი განსახილველი საკითხია გაეროშიც. სადაც უკვე რამდენიმე საათია უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს ერთიანი პოზიციის ქონდა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავღანეთი არ გახდეს ტერორისტების თავშესაფარი. ამისთვის საჭიროა, გვქონდეს საერთო პოზიციები უშიშროების საბჭოში და ვისაუბროთ ერთ ხმაში“, - განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა თქვა, რომ გაერო ბოლო საათების განმავლობაში „ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, რაც მისი თქმით, დაუშვებელია. ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთდა საუდის არაბეთში.

„ისლამური კეთოლშობილური პრინციპებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის სამეფო იმედს გამოთქვამს, რომ თალიბანი და ავღანეთში ყველა მხარე იმუშავებს იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რომში უკვე დაეშვა სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც ქაბულიდან ევაკუირებული იტალიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. არსებული ინფორმაციით, იტალიამ ავღანეთიდან დიპლომატები, საელჩოს როგორც საკუთრი მოქალაქეები, ასავე ავღანელების ევაკუაცია მოახდინა. ბორტზე გავრცელებული ინფორმაციით ჯამში 70 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 20 ავღანელი. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევაკუაციის პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალია ავღანეთიდან ყველა იმ ადამიანს გამოიყვანს, რომელიც იტალიას წლების განმავლობაში ეხმარებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG