ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 45% ფიქრობს, რომ ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ცუდად მიდის, 37%-ის აზრით კარგად, ხოლო 18%-ს პასუხი არ აქვს.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 35% მზად არის გაიკეთოს აცრა კორონავისურის წინააღმდეგ. თუმცა, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 54%-მა არ იცის, თუ როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პლატფორმაზე აცრისთვის, 42% კი ამბობს, რომ ზოგადად არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის შესახებ. ინფორმაციის სიმწირე უფრო აშკარაა რეგიონებში, ვიდრე თბილისში.
2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისამდე 60%-დან 53%-მდეა შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ პანდემიას მთავრობა კარგად მართავს. მოსახლეობის 42% თვლის, რომ პამდემიის ყველაზე ცუდი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და 12 აგვისტოს მონაცემებით სულ აცრილია 715 919 ადამიანი.
კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველოს" მიერ ჩატარდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი კითხვების მიხედვით სხვადასხვაა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით — ნომერზე დარეკვის მეთოდით, შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
Facebook Forum