რუსეთის დედაქალაქის ბარებში და რესტორნებში მხოლოდ აცრილებს შეუშვებენ, ან მათ, ვინც კოვიდ-19 უკვე გადაიტანა. განცხადება დღეს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გააკეთა.
ახალი შეზღუდვები ძალაში 28 ივნისიდან შევა. მიზეზი რუსეთის მასშტაბით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლებია, განსაკუთრებით - დელტა ვარიანტის გავრცელება - აცხადებს დედაქალაქის მერი.
სამშაბათს კორონავირუსით დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში 16 715 იყო. კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობის მაჩვენებელმა კი 546-ს მიაღწია. ინფიცირების მონაცემები ყველაზე მაღალი მოსკოვშია.
რუსეთში 4 კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა დამტკიცებული. თუმცა, ივნისამდე ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 144 მილიონს აღემატება, მხოლოდ 18 მილიონს ჰქონდა ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიღებული. ეს იმ ფონზე, როცა რუსეთი ვაქცინის აქტიურ ექსპორტს ეწევა.
მოსკოვში თითო დოზით აცრილია დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვას ვაქცინაციის აუცილებლობაში ხალხის დარწმუნება უჭირს და ცდილობს ლატარიები გაათამაშოს, ბინების და მანქანების მოგების შანსით.
Facebook Forum