ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მილიარდობით დოლარს დებს კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში


შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა პანდემიის საკითხებში, ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ ეს განცხადება ხუთშაბათს გამართულ თეთრი სახლის ბრიფინგზე გააკეთა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ დღეს გამოაცხადა, რომ ამერიკის ხსნის გეგმიდან 3.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს კოვიდ-19-ის ანტივირუსული მედიკამენტების განვითარების სტრატეგიაში. მთავრობის მასშტაბური მცდელობა მიმართულია კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის განსაზღვრული, შემდეგი თაობის პრეპარატების შემუშავებისკენ, ასევე მომავალში პოტენციური საფრთხეებისთვის ჩვენი მომზადებისკენ - განაცხადა ექიმმა ფაუჩიმ.

აღნიშნული ინვესტიცია ამერიკის მთავრობამ ახალი ინიციატივისთვის გამოყო, რომელსაც ჰქვია: პანდემიის ანტივირუსული პროგრამა. ის დაეხმარება ახალი მედიკამენტების შექმნისთვის აუცილებელ კვლევების და განვითარების პროგრამებს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად და მომავალში სხვა, პოტენციურად საშიში ვირუსების წინააღმდეგ.

თუ კლინიკური გამოცდის ბოლო ფაზებმა გაამართლა, ამერიკაში შესაძლოა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატები ამ წლის ბოლომდე გამოჩნდეს. ფარმაცევტული კომპანიები "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და "როშე" ანტივირუსულ მედიკამენტებს უკვე ცდის. ამერიკის მთავრობის ინვესტიცია დააჩქარებს კვლევებს და დაეხმარება კერძო სექტორს როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წამლების წარმოებაში.

შეერთებულმა შტატებმა უკვე გასცა ავტორიზაცია ანტივირუსულ პრეპარატზე "რემდესივირი" და სამ ანტისხეულების კოქტეილზე, რომელიც ადამიანს ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება. მთავრობა საავადმყოფოებს და სხვა სამკურნალო დაწესებულებებს მედიკამენტების მიწოდებაში არსებული ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებაშიც გაუწევს დახმარებას.



Facebook Forum

XS
SM
MD
LG