ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსული ვაქცინის დამტკიცებას აყოვნებს


ევროპის კავშირმა კოვიდ-19-ის რუსული ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების განხილვა ისევ გადადო. "სპუტნიკ-ვის" დამტკიცებას თავიდან მაისის ბოლოს ელოდნენ. მიზეზი მწარმოებლის მხრიდან მონაცემების მიუწოდებლობაა, რომლის ბოლო ვადად 10 ივნისი იყო დაწესებული.

გერმანიის ოფიციალური პირი, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით "როიტერს" ეუბნება, რომ კლინიკური კვლევების შედეგების მიწოდების დაგვიანება რუსული ვაქცინის დამტკიცებას სექტემბრამდე შეაყოვნებს. მისი აზრით, "სპუტნიკ-ვის" დამტკიცება შესაძლოა წლის ბოლომდეც გაჭიანურდეს.

მეორე წყარო კი მოსალოდნელი მოვლენების სხვაგვარ განვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ვინაიდან რუსეთმა კვლევის შედეგების გაზიარება დააგვიანა, ევროპის კავშირმა ვაქცინის შემქმნელებს დამატებით კიდევ ერთი კვირა მისცა.

როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ადმინისტრაცია მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსული ვაქცინის შესყიდვის თაობაზე. თუმცა, ბერლინმა გადაწყვიტა, რომ კოვიდ-19-ის ნებისმიერი ვაქცინის შეძენა მხოლოდ ევროპის მედიცინის სააგენტოს დამტკიცების შემდეგ მოხდება.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელიც რუსეთის ვაქცინის მარკეტინგს ეწევა, ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია. "ყველა ინფორმაცია ვაქცინის "სპუტნიკ-ვი" კლინიკური გამოცდის თაობაზე გადაცემულია... განხილვა დასრულებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს დადებითი გამოხმაურებით" - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG