ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი „გუგლი“ საფრანგეთმა 268 მილიონი ამერიკული დოლარით დააჯარიმა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „გუგლი“ პრობლემას აღიარებს და ამბობს, რომ მის დიდ სარეკლამო ბიზნესში ცვლილებებს შეიტანს.
დღესვე, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტსა და საფრანგეთის კონკურენციის სააგენტოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „გუგლი“ საკუთარ სარეკლამო საქმიანობას გადახედავს და ცვლილებებს შეიტანს, რათა ის უფრო მოქმნილი და დაბალანსებული იყოს იმ გამომცემლობებისთვის, რომლებმაც ბაზარზე შემოსავალი დაკარგეს „გუგლისა“ და „ფეისბუქის“ სწრაფი ზრდის შემდეგ. ეს კი ორი ტექნოლოგიური გიგანტის ალგორითმმა განაპირობა.
კომპანია „გუგლის“ მთავარი შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ სარეკლამო სფეროზე მოდის, მიღებული შეთანხმებით კი გუგლმა ცვლილებები ალგორითმში უნდა შეიტანოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან აქამდე კომპანია, არასდროს აღიარებდა პრობლემებს მისი ალგორითმის კუთხით, რომელიც სარეკლამო ბაზარზე კონკურენციას უშლიდა ხელს.
“ეს მსოფლიოში პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ალგორითმთან დაკავშირებულ რთულ პროცესებზე. ამაზე კი დამოკიდებულია ონლაინ სარეკლამო ბიზნესი,“- ამბობს საფრანგეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი იზაბელ დე სილვა.
"გუგლმა" პრობლემა მას შემდეგ აღიარა რაც, ფრანგულმა მარეგულირებელმა დაადგინა, რომ გუგლის სარეკლამო პლატფორმა „გუგლ სარეკლამო მენეჯერი“ უპირატესობას ანიჭებდა საკუთარი ონლაინ რეკლამირების ბაზარს, სადაც გამომცემლები რეალურ დროში ყიდიან ადგილს რეკლამის განმთავსებლებისთვის.
ამერიკულ კომპანიაში განმარტავენ, რომ ცვლილებებს უახლოეს თვეებში განახორციელებენ და აამოქმედებენ ლოკალურ დონეზე, მსოფლიოს მასშტაბით კი ის მოგვიანებით გავრცელდება.
Facebook Forum