შავი ზღვიდან გასასვლელ ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში ნაოსნობას, 1936 წლის 20 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენცია აწესრიგებს. კონვენციის თანახმად, სრუტეებს თურქეთი აკონტროლებს. მშვიდობიანობის დროს, სამოქალაქო ხომალდებისთვის სრუტეებში გავლა გარანტირებულია. კონვენციით დადგენილია სამხედრო ხომალდების გავლის სავალდებულო პირობები.
შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო ხომალდების გარდა სხვა საბრძოლო გემებზე შეზღუდვებია დაწესებული.
კონვენციის პირობები წლების განმავლობაში კამათის საგანი იყო. განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო საბჭოთა კავშირი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაზე სამხედრო წვდომა სურდა. მონტროს კონვენცია მთელი “ცივი ომის” პერიოდში, სამხედრო თვალსაზრისით შავი ზღვის აუზში ერთგვარ სტაბილურობას ინარჩუნებდა.
ერდოღანმა 7 აპრილს, სტამბოლის არხის პროექტზე მუშაობის დაწყება გამოაცხადა. შესაძლოა არხმა თურქეთს მონტროს კონვენციის გვერდის ავლის საშუალება მისცეს და სამხედრო ხომალდების გატარების თვალაზრისით მას მეტი ავტონომია მიანიჭოს. ეს პროექტი 45 კილომეტრი სიგრძის არხს მოიცავს, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს. ის ახლანდელი მარშრუტის თითქმის პარალელური იქნება, მაგრამ ბოსფორის სრუტეს არ გაივლის და შესაძლოა ტექნიკურად მონტროს კონვენციის პირობების საგანი არ იყოს.
ეს პროექტი თურქეთის შიგნით პოლიტიკური დავის თემაა. თურქეთის მეზობლებს შორის კი ეჭვების და შეშფოთების საგანი გახდა.
"ჯეიმსთაუნის ფონდმა" ამ თემაზე სასაუბროდ ექსპერტების ჯგუფი შეკრიბა. ვებინარს "ჯემსთაუნის ფონდის" პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი უძღვებოდა.
“ნიუ-იორკ თაიმსის” სტამბოლის ბიუროს ხელმძღვანელი კარლოტა გალი ვებინარში სტამბოლიდან ჩაერთო და თურქეთის შიგნით ამ პროექტის მიმართ განწყობაზე, მისი ეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრა.
“ამ საკითხზე დიდი კამათია. თითქმის ყველა ოპოზიციური პატია, მათ შორის, სტამბოლის პოპულარული მერი, ამ არხის წინააღმდეგია. ისინი ამბობენ, არ არსებობს გარანტია, რომ საინვესტიციო თანხები იქნება. მათთვის, ვინც საკითხს არ იცნობს, ძალიან ცოტა უცხოელი ინვესტორი დარჩა, ვინც ერდოღანის დიდ პროექტებში ფულს კიდევ ჩადებს. ადრე მან მოახერხა თანხის მოზიდვა თავისი მეტროსთვის, ხიდებისთვის, მაგრამ ახლა სიძნელეების წინაშე დგას," თქვა გალმა.
მისივე თქმით, შესაძლოა ამ პროექტში მონაწილეობით ჩინეთი დაინტერესდეს, რომელიც დიდ პროექტებშია ჩართული, თუმცა ჩინეთის მხრიდან ჯერ-ჯერობით არანაირი ინტერესი არ ჩანს. არხთან დაკავშირებით, შესაძლოა ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდეს და ინვესტირების საკითხმა ყატარის ყურადღება მიიპყროს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მხოლოდ უძარავ ქონებას შეეხება და უშუალოდ არხის მშენებლობაში მონაწილეობას არ იგულისხმებს.
ამჟამად ბოსფორის სრუტეში ნაოსნობა უფასოა. თურქეთს არ შეუძლია ამისთვის საფასური მიიღოს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ვინ იქნება მზად ტანკერი არხისკენ გაგზავნოს და ამისთვის მოსაკრებელი გადაიხდოს?
მსოფლიოს სანაოსნო გზებზე, განსაკუთრებით სრუტეებში და არხებში ხანდახან ავარიები ხდება, გასასვლელები დროებით იკეტება, როგორც ეს ცოტა ხნის წინ სუეცის არხში მოხდა. ასეთი ავარიები კომერციული გადაზიდვების შეფერხებას და დიდ ზარალს იწვევს. გალმა თქვა, რომ შესაძლოა ერდოღანს ასეთ შემთხვევებზე გათვლაც ჰქონდეს.
“შემიძლია დავუშვა, რომ ბოსფორის შემთხვევით ან განზრახ ბლოკირების შემთხვევაში, ტანკერების მფლობელები, დროის და ფულის დაზოგვის მიზნით, ფასიან არხს გამოიყენებენ. თუმცა შევნიშნე, რომ ერდოღანს სურს ბოსფორი ჩაკეტოს, იქ მხოლოდ გასართობი (ტურისტული) ხომალდები დაუშვას და გადაზიდვები ფასიანი არხისკენ გადაამისამართოს. იცით, ის ბევრ რამეს აკონტროლებს და შეიძლება ეს გააკეთოს. შეიძლება მან უცბად ფულიც გააჩინოს, თუმცა ადრე არაერთხელ უთქვამს რომ მშენებლობას იწყებდა, მაგრამ ჯერ ეს არ გვინახავს,” განაცხადა გალმა.
ერდოღანის გადაწყვეტილების პირველი კრიტიკა თურქმა გადამდგარმა ადმირლებმა და მათზე ადრე კი დიპლომატებმა გამოთქვეს. ისინი მთავრობას აფრთხილებენ საკვანძო საერთაშორისო შეთანხმება მსჯელობის საგნად არ აქციოს.
კადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორმა მიტატ სელიკპალამ თქვა, რომ არხის საკითხმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ქვეყნის შიგნით უფრო მრავალმხრივი განხილვის სამიზნე გახდა, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ მონტროს კონვენციას ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თურქეთმა სწორედ ამ კონვენციის საფუძველზე მიღო სრუტეებში სამხედრო ყოფნის და კონტროლის უფლება.
"ერდოღანმა 104 გადამდგარი ადმირალის მიმართვა უარყოფითად შეაფასა, თავდაცვის მინისტრმა კი თქვა, ნათელია, რომ მათი განცხადება მხოლოდ თურქეთის მტრებისთვისაა სასიამოვნო. ერდოღანმა ამის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მონტროს კონვენციის ერთგული დარჩება მანამდე, სანამ მასზე უკეთესს არ აღმოაჩენს. სწორედ ეს უქმნის ჭოჭმანის მიზეზს იმ ადმირლებს და ელჩებს. რას ნიშნავს: “სანამ მასზე უკეთესს არ აღმოაჩენს”? ამჟამინდელ ვითარებაში ხელახლა როგორ უნდა წაიკითხო და გადაწერო არსებული შეთანხმება, ეს დიდი საკითხია,” თქვა სელიკპალამ
ყოფილი ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზას აზრით, შეერთებულ შტატებს, როგორც ნატოს წამყვან სახელმწიფოს, შავ ზღვაში უფრო ფართო სამხედრო ყოფნის საშუალება უნდა ჰქონდეს და ფიქრობს, თურქეთს იმედი აქვს, რომ მონტროს კონვენციის საკითხის წამოწევას ვაშინგტონში დადებითად შეაფასებენ.
ევროპის და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, შავი ზღვის აუზის საკითხზე საქართველოს და უკრაინის მაგალითები მოიყვანა.
“თურქეთის მნიშვნელობა მსოფლიოში დღეს იმით განისაზღვრება, ყოველ შემთხვევაში ვაშინგტონის თვალსაზრისით, რომ მან შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულობა შეაკავოს. ამის გაკეთება თუ არ შეუძლია, ის ნატოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს. ადმირლები ან ვინმე სხვები, რომლებიც შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთი აღელდეს, ცდებიან. ნახეთ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რა მოხდა. რუსეთი შეიჭრა, სამხრეთ ოსეთის ანექსია და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის. სააკაშვილმა მაშინ თქვა, რომ საქართველოს შემდეგ ყირიმი იქნებოდა. რუსეთი შავ ზღვაში იმდენად აგრესიულია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ ჩვენ უკან დავიხევთ და მათ განაწყენების შეგვეშინდება, ის უფრო და უფრო მეტად გვიკბენს,” თქვა ბრაიზამ.
მისი აზრით, მონტროს კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვებით ამჟამად რუსეთს უფრო მეტი უპირატესობა აქვს. ის ასევე ცდილობს თურქეთსა და ნატოს შორის უთანხმოება დათესოს. ბრაიზამ თქვა, რომ თუ თურქეთი ნათლად არ აჩვენებს, რომ არ აპირებს დაჰყვეს რუსეთის მცდელობას, თურქეთსა და ნატოს შორის ნაპრალი გააჩინოს და რუსეთი გამოიყენებს დასავლეთის შიშს, რომ რუსეთის ანტაგონიზება მოხდება და ის მკაცრ პასუხს გასცემს, პუტინს მოქმედების მეტი თავისუფლება გაუჩნდება.
“თუ ნატოს შავ ზღვაში სამხედრო ფლოტის ყოფნის გაზრდის საშუალება არ იქნება, თუ მზად არ ვიქნებით რუსეთს ვუთხრათ “შეჩერდი,” დაძაბულობა უფრო გაიზრდება. შავ ზღვაში, რუსეთის გარდა, ყველა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა და თუ იქ ჩვენი პოზიციის დაცვის ნებისყოფა არ გვაქვს, ბალტიის ქვეყნებისთვის ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? ამას ბევრი რამ შეიძლება მოჰყვეს და ბევრად უფრო მრავალწახნაგოვანი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ - “მოდი რუსეთთან ანტაგონიზმს მოვერიდოთ,” თქვა ბრაიზამ
ერდოღანის ნატოსთან და პუტინთან ურთიერთობა საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო და ზოგჯერ ერდოღანის პოლიტიკური სვლები მოკავშირეებსაც აღიზიანებდა.
კარლოტა გალმა თქვა, რომ წლების განმავლობაში აკვირდებოდა ერდოღანის პუტინთან ურთიერთობას. მისი აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში ის ამას ძალიან მარჯვედ ახერხებდა, მაგრამ ხანდახან ნატოს სხვა წევრებს "ჭკუიდან შლიდა," როგორც S-400 რაკეტების შეძენისას მოხდა და ამერიკული სანქციებიც მიიღო. ხანდახან ისე ჩანდა, რომ ის პუტინს უახლოვდებოდა. თუმცა ბოლო დროს ისე ჩანს, რომ ის ამ პოზიციას შორდება.
"ვფიქრობ, მას ყველაფერი სურს, ფულის გაკეთებაც, მილსადენიც. მას სინამდვილეში რუსეთთან დაპირისპირება არ სურს. მას სურს პუტინთან საქმიანი ურთიერთობა და ამავე დროს დისტანციის შენარჩუნება," თქვა გალმა.
მან იქვე აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, ერდოღანმა ტონი ცოტა შეცვალა.
“ბაიდენის ადმინისტრაციის გამო ერდოღანი ახლა ცოტა უკან იხევს, ის ელაპარაკება უკრაინას, მონტროს კონვენციიდან გამოსვლით იმუქრება. ვფიქრობ, მთელი ეს იარაღის ჟღარუნი იმაზეა გათვლილი, რომ პუტინი ამ საკითხზე დაძაბული იყოს. საბოლოოდ რომელი მათგანი გაიმარჯვებს? ვფიქრობ, პუტინი ჭადრაკს მაინც უკეთესად თამაშობს. ეს ჩემი აზრია. ვნახოთ რა იქნება,” თქვა მან.
როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, შესაძლოა თურქეთმა - თუნდაც თავისდა უნებურად - ბიძგი მისცა მსჯელობას, უნდა ვიფიქროთ თუ არა იმ შეზღუდვების გადახედვაზე, რომლებიც თითქმის ასი წლის წინ დადებულმა შეთანხმებამ დააწესა.
Facebook Forum