დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებით დაიწყო, ჟურნალისტების რამდენიმე კითხვა, თბილისში განვითარებულ მოვლენებს და მის შედეგებს შეეხო.
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა, დეპარტამენის პრესსპიკერს, ნედ პრაისს ჰკითხა განიხილა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული საკითხი ქართველ კოლეგებთან და განიხილება თუ არა სანქციები. პასუხად პრესსპიკერმა, თქვა, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს შემთხვევაში, პოდიუმიდან გაკეთებული განცხადებები, კულისებს მიღმა უფრო პირდაპირ განხილვაზე მეტყველებს.
„როგორც აღვნიშნე, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ იმოქმედოს მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის მიმართ იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა თვისუფალია პოლიტიკური მიკერძოებულობისგან", - თქვა პრაისმა.
მან განმარტა რომ "ჩვენ ცხადად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ფაქტი, რომ ამას პოდიუმიდან ვამბობ, მეტყველებს იმაზე, რომ უფრო პირდაპირი განხილვა გვქონდა მეორე მხარესთან, მათ შორის საქართველოში. რომ არ განვმეორდე, ამ ბრიფინგზე რამდენჯერმე ვთქვი და აღვნიშნავ, რომ შეერთებული შტატებისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ამომავალი წერტილი ღირებულებებია. აქ იკვეთება ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია: თავისუფლება, კანონის უზენაესობა და პროკურატურის სისტემა, რომელიც დამოუკიდებელი და პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალია“.
კითხვით მიმართა ასევე პრესსპიკერს, „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა ჯონ ჰადსონმა იმაზე თუ „რამდენად უშლის ეს ხელს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას?“
პასუხად პრაისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა.
„რაც ჩვენ უკანასკნელ დღეებში ვიხილეთ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერვე განცხადებულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის მეტი არ მინდა არაფერი ვთქვა, ვიტყვი რომ [მოვლენებს] ყურადღებით დავაკვირდებით მომავალი საათების და დღეების განმავლობაში. საიდუმლო არ არის თუ რას ვფიქრობთ, თუ რა უნდა მოხდეს საქართთველოში და ვნახავთ ეს ასე იქნება თუ არა“, - თქვა მან.
ბრიფინგტის დასაწყისში, კი საკუთარ გამოსვლაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ შეერთებული შტატები „ღრმად შეშფოთებულია“ ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის მისჯით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა გასულ კვირას დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება და მოუწოდა საქართველოს მთავრობას „ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად მოიქცეს“.
Facebook Forum