ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ივანიშვილი მთავრობას კვლავ აკონტროლებს კულისებიდან .. ის რუსეთისკენ იხრება " - ანა ბორჩევსკაია


დოქტორი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და მკვლევარი ანა ბორჩევსკაია თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშილი კვლავ აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მართვაში, მეტიც ბორჩევსკაია ამბობს, რომ ივანიშვილს პრორუსული მიდრეკილება აქვს.

" ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ოფიციალურად დატოვა პოლიტიკური სცენა, კვლავ აკონტროლებს ვითარებას კულისებიდან. მან თავისი ფული რუსეთში იშოვა და რა თქმა უნდა, მას აქვს პრორუსული მიდრეკილება. სწორედ აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი, იმის შესახებ თუ რა ხდება. რა თქმა უნდა, თბილისში განვითარებული პროცესებით მოსკოვი ბედნიერია. ბოლო წლებია საქართველო მტკიცედ და წინ მიიწევდა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ქვეყანამ ბევრი რამ შეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ ეს ვითარება ნამდვილად სამწუხაროა,"- ამბობს ბორჩევსკაია.

ბორჩევსკაიას მიაჩნია, რომ დასავლეთმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცოპერაციას და მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავებაზე ბორჩევსკაია ამბობს, რომ დაუშვებელი ქმედებაა დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი გარი შმიტი ამბობს, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები დასავლეთში " "იმედგაცრუებას" გამოიწვევს, მკვლევარი "ნატოს" საკითხებში თვლის, რომ ახლა საქართველოში აუცილებელია შეწყდეს ქმედებები, რომელიც გამოიწვევს, უფრო მეტ ქაოსს.

"მთავრობის ქმედება, რაც 23 თებერვალს დილით ვნახეთ დასავლეთში, მეგობრებში რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იმედგაცრუებას გამოიწვევს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლიდერის მელიას, დაკავება უკავშირდება 2019 წლის საქმეს, მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსმა დეპუტატმა დაიკავა. ეს რეალურად იყო საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ერთია კანონის უზენაესობის დაცვა და მეორეა რამდენად სწორად ხდება მისი გამოყენება. მაგალითისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ ავტოკრატს აქვს უამრავი კანონი, რომლითაც ადამიანებს ასამართლებენ, მაგრამ ეს სწორია? რეალურად კანონის უზენაესობა არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ მთავრობამ გააკეთოს ის, რაც გააკეთა. ასეთი ქმედებით რეალურად მთავრობამ ფეხში გაისროლა, რადგან ისინი იზოლაციაში იგდებენ საკუთარ თავს ევროპისგან და ამერიკისგან.

რუსეთი ამ ვითარებით ძალიან ბედნიერია. ამგვარი ქაოსი მათ სამეზობლოში მათთვის მნიშვნელოვანია. მე რომ საქართველოს მთავრობა ვიყო, ძალიან შემაწუხებდა იმაზე ფიქრი, თუ რა შთაბეჭდილებას დავტოვებდი ამ ქმედებით დასავლელ მეგობრებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას არ სურს რუსეთის გავლენაში იყოს, თუმცა ასეთი ნაბიჯების გადადგმით ადამიანებში კიდევ უფრო აჩენენ ეჭვს ამ მიმართულებით. კარგია, რომ დასავლეთმა დროულად მოახდინა რეაგირება. ამერიკელების და ევროპელი ელჩები საქართველოს მთავრობის მიმართ თუ კრიტიკულები არიან, ეს ნიშნავს, რომ მათ ამის მიზეზიც აქვთ და საკმარისი ინფორმაციაც. თუ მთავრობა არ გაიზიარებს დასავლეთის მოწოდებებს და გააგრძელებს მათთან წინააღმდეგობას, ის კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას,"- ამბობს მკვლევარი გარი შმიტი.

"ღრმად შემაშფოთებელია საქართველოში წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება,"_ ასე ეხმაურება "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ვილსონს მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში "პოლიტიკური პოლარიზების" მაღალი მაჩვენებელია. აქვე ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ამ მოცემულობით რთული გზის გავლა მოუწევს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან.

"საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში და კერძოდ ვაშინგტონში. თქვენ გესმით ამერიკის საელჩოს მძაფრი განცხადებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ნაბიჯს დგამს უკან დემოკრატიული პროცესის გზაზე. ბევრი ჩვენგანი არის შეშფოთებული საართველოში მზარდი პოლარიზაცით და წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავებით. ეს ნაბიჯი უკვე ვითარებას უფრო მეტად ართულებს. ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგას.

ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დასაწყებად ამ მოცემულობით საქართველოს რთული გზის გავლა მოუწევს. ვფიქრობ, პრემიერ ღარიბაშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო ვითარების გამოსასწორებლად. ყველა მხარის ვალდებულებაა მოახდინოს დეესკალაცია, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს სწორედ მთავრობა ასრულებს, რომელმაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. მე ვიცნობ ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს იპოვოს გამბედაობა და სიბრძნე და შეასრულებს კონსტრუქციულ როლს. ვფიქრობ, მან უნდა შეარბილოს მისი პოლიტიკური რიტორიკა, რათა მოხდეს დეესკალაცია. უნდა მოხდეს გადახედვა იმ გადაწყვეტილების, რომლის საფუძველზეც ნიკა მელიას დაკავება მოხდა,"- ამბობს ვილსონი.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი აქვე ამბობს, რომ არ უჭერს მხარს ოპოზიციის ბოიკოტს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და იმედოვნებს, რომ პარტიები შეძლებენ და გამონახავენ დილოგის სივრცეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG