პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს სანქციების კანონებს და მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ „სათანადო მოქმედების“ კურსს შეიმუშავებს.
„თითქმის ათი წელია ბირმელი ხალხი თანმიმდევრულად მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში არჩევნები, სამოქალაქო მმართველობა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დააწესოს,“ თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკამ მიანმარს, რომელიც 1989 წლამდე ბირმის სახელით იყო ცნობილი, დემოკრატიული პროცესების დაწყების შემდეგ სანქციები მოუხსნა.
„ამ პროგრესის უკან შეტრიალება მოითხოვს სანქციების კანონებისა და უფლებამოსილების დაუყოვნებლივ გადახედვას,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც სხვა ქვეყნებსაც იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
განცხადება გაავრცელა ამერიკის სენატმაც, სადაც ნათქვამია, რომ „კონგრესი მზადაა ითანამშრომლოს [თეთრ სახლში] ახალ ადმინისტრაციასთან სიტუაციის მოსაგვარებლად".
მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალება ბრიუსელმაც დაგმო. ევროპის კავშირის ლიდერებმა დაკავებული სახელმწიფო ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბრიტანეთში, ავსტრალიაში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და გაეროშიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მხარეებს დიალოგისკენ და დაპირისპირების მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდა.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება 1 თებერვალს მოხდა. შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მმართველი პარტიის "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" სხვა წევრები.
სამხედრო ტელეარხზე გაკეთებულ განცხადებაში, გადატრიალების ორგანიზატორებმა მიანმარის ლიდერებს ბრალად წაუყენეს ნოემბრის არჩევნებზე, მათი თქმით, დაფიქსირებულ გაყალბებებზე რეაგირების არქონა. სამხედრო ლიდერები აცხადებენ, რომ საგანგებო ვითარება ერთი წელი გაგრძელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩატარდება არჩევნები და სამხედროები ძალაუფლებას გამარჯვებულს გადასცემენ.
Facebook Forum