ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეიდან ენტონი ბლინკენი აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანია 


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სენატში კენჭისყრა, სადაც ამერიკელმა სენატორებმა ენტონი ბლინკენის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

ჯო ბაიდენის მიერ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ნომინირებულ ენტონი ბლინკენს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ბლინკენმა 78 სენატორთა ხმა დაიმსახურა, 22 წინააღმდეგი იყო.

მანამ, სანამ კენჭისყრა დაიწყებოდა სენატორებმა როგორც რესპუბლიკური ასევე დემოკრატიული პარტიიდან ენტონი ბლინკენის დიდ პოტენციალზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბლინკენს აქვს კარგი ისტორია და მომავლის ხედვა.

დემოკრატი გამომსვლელები ამბობდნენ, რომ ენტონი ბლინკენი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავიდან მშენებლობას დაიწყებს და უწყებას დაუბრუნებს ძალას, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგა.

ბლინკენი დღესვე მივა სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში და თანამშრომლებს შეხვდება. სენატი კი უახლოეს საათებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეატყობინებს.

ენტონი ბლინკენი გამოცდილი 58 წლის დიპლომატია, ის ნიუ-იორკში ებრაელი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, მის მშობლები და წინაპრები დევნილი იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.

"მათთვის და მრავალი სხვა ადამიანისთვის ამერიკა იყო ბოლო იმედი დედამიწაზე, სადაც გადარჩენა შეეძლოთ და გადარჩნენ კიდეც. ამერიკა არის საუკეთესო და უფრო დიდი პოტენციალი აქვს. ამ შთაგონებით მე მსურს მომავალ თაობებს ვემსახურო,"- დაწერა ენტონი ბლინკენმა ტვიტერზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგენდა.

ბლინკენი სხვადსახვა ადმინისტრაციის პირობებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ის რამდენიმე წლის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა. ბლინკენი კარგად იცნობს საქართველოს და უკრაინის პრობლემებს და ამ საკითხებზე ის წლებია მუშაობს.

ბლინკენს რეგიონის შესახებ შეიძლება ითქვას ამომწურავი ინფორმაცია აქვს. ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგედ ბლინკენი ჩინეთს და რუსეთს თვლის. ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკა ორივე ქვეყანასთან მიმართებაში მკაცრ პოლიტიკას აწარმოებს, თუმცა ნაბიჯები არ იქნება ხისტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG