ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სტუმარი ღვთისაა" - "რასაცა გასცემ, შენია - რას არა, დაკარგულია" - ენტონი ბლინკენი​ს განცხადებები


"ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით ვდგავართ, გაერთიანებული საქართველოს გვერდით. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად,"- ეს განცხადება ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წლების წინ საქართველოში ვიზიტის დროს, თბილისში, პარლამენტის შენობაში გააკეთა. ბაიდენი საქართველოს მხარდაჭერით გამოირჩევა.

ბაიდენი თბილისში მაშინ იმყოფებოდა, როცა ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო. მაშინ, ბაიდენმა საქართველოში ყოფნისას თქვა, რომ მიმდინარე პროცესში რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ვერ გააძლიერებდა - "ეს არ ხდება და არ მოხდება,"- თქვა თბილისში მყოფმა ჯო ბაიდენმა, რომელიც მაშინ ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

რამდენიმე საათის წინ, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა მისი გუნდი წარადგინა, გუნდის წევრები, რომლების ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებენ და ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 20 იანვრის შემდეგ გამოცდილი დიპლომატი ენტონი ბლინკენი დაიკავებს. ბლინკენმა თქვა, რომ მისთვის პატივია მიიღებული შეთავაზება.

ენტონი ბლინკენი გამოცდილი დიპლომატია - მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ მოზომილად მკაცრი. ის რუსეთის მიმართ მუდმივად კრიტიკული პოზიციებით არის ცნობილი. ბლინკენს ეკუთვნის სიტყვები "უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე".

მომავალი სახელმწიფო მდივანი საქართველოს მიმართ ახლო და მეგობრული პოზიციებით გამოირჩევა. პირველი, რაც შეიძლება ენტონი ბლინკენის და საქართველოს კონტექსტში გავიხსენოთ, ვაშინგტონში 2015 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადებებია.

თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ჟურნალისტებთან გამოჩნდა, საუბრი კი დაიწყო შემდეგი სიტყვებით "როგორც მე ვიცი, საქართველოში ხშირად ამბობენ, სტუმარი ღვთისაა. დღეს კი მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი აქ ყოფნა არის ჩვენთვის საჩუქარი"

ენტონი ბლინკენი​ს განცხადებები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

ბლინკენი ამ პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა საქართველო-ამერიკის პარტნიორულ და ახლო ურთიერთობებს. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკა რჩებოდა ერთგული ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომელიც ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ამავე განცხადებაში, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. საუბრის შუაში კი მან შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან მოიყვანა ციტატა და თქვა " რასაცა გასცემ, შენია - რას არა, დაკარგულია"

ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი 58 წლის არის და მას სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. ის 2013 - 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შეიძლება ითქვას, მისი პოლიტიკური კარიერა ბილ კლინტონის დროს დაიწყო, როცა ის უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ, მან ჯო ბაიდენი გაიცნო და 2001-2008 წლებში სენატის საგარეო კომიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მას შემდეგ, მისი და ჯო ბაიდენის თანამშრომლობა არაერთხელ გადაიკვეთა.

ბლინკენი ობამას ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან პროცესებში იყო ჩართული, მათ შორის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ომის დროს. საუბრობენ, რომ ბლინკენმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გამოსვლის საქმეშიც. თუმცა, ის წინააღმდეგია სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის. გასულ წელს, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ დაუშვებელი იყო ამერიკას მიეტოვებინა ქურთი მოკავშირეები. მეტიც, მან თქვა, "ეს ქმედება ამერიკას სანდოობას აკარგვინებს"

გამოცდილი დიპლომატი ევროპასთან და პარტნიორ/მოკავშირე ქვეყნებთან უფრო მჭირდო თანამშრომლობის მომხრეა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ როლს მიესალმება. მას მიაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სურათს ქმნის.

ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი ირანთან სპეციფიკური პოლიტიკის მქონეა, მას მიაჩნია, რომ 2015 წელს ბარაკ ობამას მიერ გაფორმებული ბირთვული საერთაშორისო შეთანხმება მნიშვნელოვანი იყო და მის განახლებაზე არაერთხელ უსაუბრია.

ენტონი ბლინკენი სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებსაც გადახედავს, რადგან მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ჩინეთს საკუთარი მიზნების მიღწევაში დაეხმარა.

"რაც შეიძლება მალე უნდა შევძლოთ ტრამპის მიერ შექმნილი სტრატეგიული დეფიციტიდან ამოსვლა. ტრამპი ჩინეთს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაეხმარა,"- ამბობდა ბლინკენი გასულ წელს.

ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი რუსეთის მიმართ მუდმივად კრიტიკულად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ დასავლეთმა ზეწოლა რუსეთზე უნდა გააგრძელოს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოება. მან ამის შესახებ 2015 წელს გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე და შემდგომ უკვე პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და თქვა - "თქვენი სტრატეგიული პოზიცია ევროპასა და აზიას შორის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის რანგში, ჩვენი ახალი აბრეშუმის გზის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ ლიდერობასა და ტრანს-კასპიის დერეფნის შექმნას, რომელიც ევროპისა და აზიის ბაზრებს დააკავშირებს"

ბლინკენი ებრაული წარმომავლობისაა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში "ჰოლოკოსტს" გადარჩენილი ებრაელების ოჯახში დაიბადა. ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს, აქტიურად მოღვაწეობდა ისრაელ-პალესტინის ურთიერთობების დალაგებაში. შესაძლოა, მან ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამ არსებულ კონფლიქტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

58 წლის დიპლომატი არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უკვე წარადგინა, უახლოეს პერიოდში ბლინკენმა შესაძლოა სამომავლო გეგმებზე და საგარეო პოლიტიკის ორიენტირებზე ისაუბროს და მედიამ უფრო მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება ამერიკის საგარეო პოლიტიკა 2021 წლიდან.

ფაქტი ერთია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოსთან და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს და დააახლოვებს. ამის შესახებ ბლინკენი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად საუბრობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG