ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში დახმარების პაკეტის დამტკიცებას დღესასწაულებამდე ცდილობენ


შეერთებული შტატების კონგრესის როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ამერიკელთათვის მორიგი დახმარების პაკეტის დამტკიცებას, დღესასწაულებამდე შეძლებს. კანონმდებლებს შორის კოვიდ-19-ზე კიდევ ერთი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმების მიღწევა, უკვე თვეებია ვერ ხერხდება.

"ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ" - თქვა სამშაბათს კევინ მაკკართიმ, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა. ორრაუნდიანი განხილვის შემდეგ, მან აღნიშნა, რომ შეთანხმების "შესაძლებლობა არსებობს". შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი, სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელი ლიდერი მიტჩ მაკკონელი და სენატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი.

"პროგრესი გვაქვს და იმედია, შეთანხმებას მალე მივაღწევთ" - თქვა სამშაბათს შუმერმა. მისი განცხადებით, მხარეებს შორის ამის "გულწრფელი სურვილი იკვეთება".

შეთანხმების გარეშე, რამდენიმე წამყვან დახმარების პროგრამას, ამ წლის ბოლოს ვადა ეწურება. მათ შორისაა, უმუშევრობის დახმარება, რომელიც პანდემიის გამო, მილიონობით უმუშევარი ამერიკელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ორშაბათს, კანონმდებელთა ორპარტიულმა ჯგუფმა კონგრესში 748 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პროექტი წარმოადგინა. მასში უმუშევრობის დახმარების გაზრდა 19 აპრილამდე, კვირაში 300 დოლარითაა გათვალისწინებული.

დამტკიცების შემთხვევაში, ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რიგით მეორე დახმარება იქნება. ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე, პირველი $3-ტრილიონიანი პაკეტი მარტის ბოლოს დამტკიცდა.

ასევე, ეწურება ვადა ამერიკის ბიუჯეტის დამტკიცებისთვის უკვე მოქმედ გადავადებას. პარასკევს შეწყდება ამერიკის ფედერალური მთავრობის დაფინანსება და ის დახურვის საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ დადგება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG