ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი თეთრ სახლს 48 საათს აძლევს ეკონომიკური დახმარების პაკეტზე შესათანხმებლად


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად და შესამსუბუქებლად შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციასთან ან მომავალ 48 საათში უნდა იყოს მიღწეული ან საერთოდ აღარ იქნება განხილული 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩვენებამდე.

პელოსი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ხაზინის დეპარტამენტის მდივანთან, სტივენ მნუჩინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ეკონომიკური გაჯანსაღების შენელების მიუხედავად, მათ ამ დრომდე შეთანხმება ვერ მოახერხეს.

პელოსი და მნუჩინი ეკონომიკის სტიმულირების ახალ ფინანსურ პაკეტზე საუბრობენ, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ 1.8-დან 2.2 ტრილიონამდეე იქნება. თუმცა თუნდაც აღნიშნულზე შეთანხმების შემთხვევაში, ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორი მთავრობის მხრიდან მსგავს ხარჯვას ეწინააღმდეგება. მით უფრო კი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვის წინ კონგრესმა, 3 ტრილიონის ღირებულების სტიმულირების ერთი პაკეტი უკვე დაამტკიცა.

მნუჩინი აცხადებს, რომ პელოსი და დემოკრატები შეთანხმებაზე არ მიდიან, რადგან არ სურთ, პრეზიდენტს წინასაარჩევნოდ მსგავს საკანონმდებლო მიღწევაში დაეხმარონ. პელოსის თქმით კი, მას არ სურს თეთრ სახლს ზედამხედველობის დიდი ნაწილი დაუთმოს.

მხარეები ახალ პაკეტთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, შინაარსისა და ხარჯების გარდა, წინაღმდეგობებია ამა თუ იმ ტერმინოლოგიისა თუ ფრაზების, სიტყვების გამოყენების თაობაზეც. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ქალაქებისა და შტატების დახმარების, ბავშვთა მოვლის, საგადასახადო შეღავათების საკითხებია. მხარეებს საერთო პოზიცია აქვთ, როცა საქმე 1200 დოლარის ღირებულების, ახალი ფულადი დახმარების ჩეკების გაგზავნასა და უმუშევრობის დამატებითი, საგანგებო ფედერალური დახმარების განახლებას ეხება. პანდემიის საწყის პერიოდში ამერიკაში კორონავირუსით დაზარალებული და უმუშევრად დარჩენილი ადამიანები უმუშევრობის დახმარებას შტატის გარდა, ფედერალური მთავრობისგანაც იღებდნენ. დახმარების ეს თანხები ივლისში ამოიწურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG