გაეროს ატომური ენერგიის საგენტომ დაადასტურა ცნობები, რომ ირანმა მიწისქვეშა ობიექტებზე განლაგებული ცენტრიფუგები აამუშავა, მაგრამ სააგენტო აცხადებს, რომ ურანის გამდიდრების ზოგადი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
ოთხშაბათს, ვენაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ 174 ცენტრიფუგა, ირანის ნათანზის ბირთვული ობიექტის ახალ ადგილზე გადაიტანეს და ცოტა ხნის წინ აამუშავეს.
მან თქვა, რომ ამ ტიპის ცენტრიფუგების მუშაობა ირანის ბირთვული შეთანხმების დარღვევით ხდებოდა, რომელსაც ხელი 2015 წელს მოეწერა და “ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის” სახელით იყო ცნობილი. გროსიმ აღნიშნა, რომ ამ აპარატების მუშაობა გამდიდრებული ურანის გამომუშავების მთლიანი მოცულობის გაზრდას არ გამოიწვევს.
მაგრამ მან თქვა, რომ ირანი უკვე შორს გასცდა იმ შეზღუდვას, რომელსაც შეთანხმება გამდიდრებული ურანის რაოდენობაზე აწესებდა.
“ზოგადად, მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა არ არის, რადგან - როგორც უკვე აღვნიშნე - ისინი სხვა ადგილზე უკვე მუშაობდნენ. ეს ნიუანსია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმების ფარგლებს სცდება”, თქვა გროსიმ.
გროსიმ თქვა, რომ ირანს სააგენტოს მომკვლევებისთვის ამ აღმოჩენის განმარტება მოსთხოვეს, თუმცა განმარტება “არადამაკმაყოფილებელი” იყო.
“ასოშიეიტედ პრესი” იუწყება, რომ გასულ კვირაში, შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს კონფიდენციალური დოკუმენტი გადასცეს, რომელიც აჩვენებს, რომ 2 ნოემბრისთვის ირანს 2442.9 კილოგრამი ნაკლებად გამდიდრებული ურანის მარაგი ჰქონდა. 25 აგვისტოს ირანის ეს მარაგი 2105.4 კილოგრამს შეადგენდა.
ბირთვულ შეთანხმებას ხელი შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა მოაწერეს და მის თანახმად, ირანს მხოლოდ 202.8 კილოგრამი მარაგის შენახვის უფლება ჰქონდა. სააგენტომ თქვა, რომ ამასთან ერთად, ირანი ურანის 4.5 პროცენტიან სისუფთავემდე გამდიდრებას აგრძელებდა, შეგანხმებით კი ეს დონე 3.67 პროცენტზე მაღალი არ ჯნდა ყოფილიყო.
2018 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ირანმა შეთანხმების პირობების ყველა დარღვევის შესახებ წინასწარ, ღიად გამოაცხადა.
“ნიუ-იორკ თაიმსი” იუწყება, რომ პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა შეთანხმებაში დაბრუნების ინტერესი გამოხატა.
Facebook Forum