საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და მთლიანად ევროპის კავშირი "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს ირანში ბირთვული პროგრამის აჩქარებული ამოქმედების გამო. თეირანმა ურანით გამდიდრების აქტივობა განაახლა, რითაც 2015 წელს დადებულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას უგულვებელყოფს.
ერთობლივ განცხადებას, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები აწერენ ხელს. განცხადება თეირანს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება, უკან წაიღოს მიღებული ზომები და დაუბრუნდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების პირობებს, რომელთა შესრულების ხარჯზეც, ირანს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები მოუხსნეს.
ირანმა ურანით გამდიდრების პროგრამა განაახლა და განაცხადა, რომ იწყებს მუშაობას უფრო მოწინავე ცენტრიფუგების განვითარებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს მონიტორინგის უწყებაც ადასტურებს. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ამბობს, რომ მიღბული ზომების უკან წაღება შესაძლებელია, თუკი ბირთვული შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარე დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს.
ხელშეკრულებას, ევროპის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე აწერდა ხელს ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები. ამ უკანასკნელმა შეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, გასულ წელს დატოვა და შესაბამისად, ირანზე ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებიც განახლდა.
Facebook Forum