ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა გაეროში ირანისთვის ძველი სანქციების აღდგენაზე იწყებს მუშაობას


სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაეროს ფორმალურად აუწყა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები უბრუნდება ირანზე 2006 წელს დაწესებულ ყველა საერთაშორისო სანქციას. "ჩვენი გზავნილი ძალიან, ძალიან მარტივია" - უთხრა პომპეომ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეკრებილ ჟურნალისტებს.

"შეერთებული შტატები არასდროს მისცემს უფლებას მსოფლიო ტერორიზმის უდიდეს სპონსორ სახელმწიფოს, რომ თავისუფლად შეიძინოს და გაყიდოს თვითმფრინავები, ტანკები და რაკეტები... გაერო გააგრძელებს სანქციებს იარაღის ემბარგოსთან დაკავშირებით" - განაცხადა ხუთშაბათს სახელმწიფო მდივანმა.

პომპეოს თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უარს ამბობს დაიჯეროს "თხზულება" იმის შესახებ, თითქოს ირანი მშვიდობიან ბირთვულ პროგრამაზე მუშაობს. "ჩვენ არ დავუშვებთ ბირთვულ იარაღს ისლამური სახლმწიფოს ხელში" - ამბობს ამერიკის პირველი დიპლომატი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჟურნალისტებს მას შემდეგ შეხვდა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს ორგვერდიანი წერილი ოფიციალურად გადასცა. მასში დოკუმენტირებულია თეირანის მხრიდან ბირთვული განიარაღების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი დარღვევები.

სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით ითხოვს შეერთებული შტატები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს მოხსნილი სანქციების აღდგენას და იარაღით ვაჭრობაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას. ირანისთვის ემბარგოს განახლების ანალოგიური მცდელობა ვაშინგტონს აქამდეც ჰქონდა, თუმცა მხარდაჭერა მაშინ მხოლოდ დომინიკის რესპუბლიკისგან მიიღო.

13 წლის წინ იარაღით ვაჭრობაზე თეირანისთვის დაწესებულ ემბარგოს ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებში ეწურება. პომპეო ამბობს, რომ მას ამერიკის მეგობრებმა გერმანიაში, საფრანგეთში და ბრიტანეთში, "კერძო საუბრებში" დაუდასტურეს, რომ არც მათ სურთ ირანისთვის ემბარგოს მოხსნა, თუმცა საერთაშორისო დონეზე მათ "აიათოლას მხარეს დგომა აირჩიეს".

მრავალწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, 2015 წელს, ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ირანს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები მოეხსნა. შეერთებულ შტატებთან ერთად, ხელშეკრულებას მაშინ ხელს აწერდნენ: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი.

თეირანის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საბაბით, 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამერიკამ შეთანხმება დატოვა და ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები განაახლა. პომპეოს ინიციატივის წარმატების შემთხვევაში, 2015 წლის ხელშეკრულებამდე არსებული სანქციების აღდგენა, გარდა იმისა, რომ შეიარაღებაზე ირანისთვის დაწესებულ ემბარგოს გაახანგრძლივებს, თეირანს აუკრძალავს ურანით ნებისმიერი გამდიდრების აქტივობას და ირანის საბანკო და სატვირთო სექტორს მკაცრი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ დააბრუნებს.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG