ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი ნარიშკინი: ნავალნი დასავლეთის დაკვეთით მოწამლეს


"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა რამდენიმე რუსმა ოფიციალურმა პირმა. მათი ვერსიები ერთმანეთს ჰგავს და ამბობს, რომ ნავალნი, რომელიმე დასავლური ქვეყნის დაკვეთით მოწამლეს. მეორე ვერსიით კი ნავალნი საერთოდაც არავის მოუწამლია და მწვავე პანკრეატიტი აწუხებს.

„რია ნოვოსტისთვის“ 6 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი, ამბობს, რომ დასავლეთის სადაზვერვო სამსაურებმა სცადეს ნავალნის მოკვლა, რათა „გამოეწვიათ საპროტესტო ტალღა რუსეთში“.

ნარიშკინი ამბობს, რომ მას არ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ნავალნის მოწამვლის საქმეში დასავლეთის კვალთან მიიყვანს გამოძიებას. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ რუსი ოპოზიციონერის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა განიხილეობდა დასავლეთში და ნავალნი, შესაძლოა, ამ გეგმის მსხვერპლი ყოფილიყო. მას ასევე, წყაროდ არ მოუყვანია არცერთი მტკიცებულება იმისა, თუ რომელი ქვეყნები იყვნენ ასეთი ვერსიის განხილვაში ჩართული.

ნარიშკინის თქმით, მსგავსი სცენარი დასავლეთმა უკვე გამოიყენა იუგოსლავიასა და უკრაინაში, თუმცა არც ამის მტკიცებულება მოუყვანია.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ციმბირის ფილიალში განაცხადეს, რომ ნავალნის ავად გახდომა, შესაძლოა „ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავებით“ ყოფილიყო გამოწვეული.

სამინისტროში, ასევე, აცხადებენ, რომ მათ ვერ იპოვეს საწამლავის კვალი ნავალნის ტანსაცმელსა და ნივთებზე, რომელიც ტომსკის სასტუმროში, მის ნომერში და აეროპორტში იყო დატოვებული.

განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა, ასევე წერია, რომ ნავალნის სამი თანამებრძოლი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. საუბარია იმ სამ ადამიანზე, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ სასტუმროში, ვიდრე ის სასტუმროს დატოვებდა და მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა.

ნავალნის მოწამვლის საქმის გამო, გასულ თვეს, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთის 6 ოფიციალურ პირს, რომელთა გარშემოც არსებობს ეჭვები, რომ ისინი ჩარეულები იყვნენ „მკვლელობის მცდელობის“ საქმეში.

ნავალნიმ კომენტარი გააკეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით და საკუთარ ტვიტერ გვერდზე დაწერა, რომ „20 აგვისტოს სრულიად ჯანმრთელი“ იყო და მანამდეც, არასდროს ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემები.

6 ნოემბერს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით კიდევ 2 განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, გერმანიის ოფიციალურმა პირებმა „უარი უთხრეს [რუსეთს] იმ მასალების გადაცემაზე, მათ შორის ბიოლოგიურ მასალაზე და ტესტის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ ნავალნი ნოვიჩოკით იყო მოწამლული“.

„სასაცილოა, რომ მათ ერთ დღეს ჰყავთ ნარიშკინი, რომელიც ამბობს, რომ ნატოს ქვეყნებმა მომწამლეს და იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მოწამვლა არ ყოფილა“, წერს ნავალნი ტვიტერზე.

ნავალნი ავად თვითმფრინავში გახდა, რის გამოც, პილოტი ქალაქ ტომსკში დაეშვა და გონებადაკარგული ნავალნი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსი ექიმები ამბობდნენ, რომ ნავალნის ნივთიერებათა ცვლა ჰქონდა დარღვეული და მის ტრანსპორტირებაზე უარს ამბობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა, მოახერხეს ნავალნის ბერლინში გადაყვანა, სადაც ის უგონო მდგომარეობაში, კომაში, რამდენიმე დღის განმავლობაში იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და 32 დღის შემდეგ საავადმყოფო დატოვა. ნავალნი ახლა გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გადის.

გერმანელმა ექიმებმა, ისევე, როგორ რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიებმა თქვეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო საბჭოთა დროინდელი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“. “ნოვიჩოკი“ ქიმიურ იარაღად ითვლება და მისი წარმოება, ან გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრძალულია.

ნავალნი მისი მოწამვლის საქმეში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს, თუმცა კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG