ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა მომავალ სექტემბრამდე აღარ გაიხსნება. პანდემიის გამო, რომლის გაკონტროლება შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, ქვეყნის ყველაზე დიდი და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრის გახსნა კიდევ ერთი წლით გადაიდო. ეს პირველი შემთხვევაა მეტროპოლიტენის ოპერის 137-წლიანი ისტორიის მანძილზე.
3 800-ადგილიანი დარბაზი პირველად მარტის შუა რიცხვებში დაიხურა, როცა ნიუ-იორკში კოვიდ-19-ის გავრცელება სწრაფად დაიწყო. მეტის სცენებზე, ასე ეძახიან შემოკლებით მეტროპოლიტენის ოპერას, სეზონურად 200-ზე მეტი წარმოდგენა იმართებოდა, რომელსაც 800 000-ზე მეტი ხელოვნების მოყვარული ესწრებოდა.
განცხადება მთელი 2020-21 წწ. სეზონის დახურვაზე ოპერის ვებ-გვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა. ეს ფაქტი, ამავე დროს, საგანგაშო გზავნილი გახდა ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებისთვის, ბროდვეის დიდი და მცირე თეატრების, კომედიის კლუბების და ბევრი სხვა ცოცხალი შესრულებით გამორჩეული სცენებისთვის.
2020 წლის მარტიდან სექტემბრამდე, მეტროპოლიტენის ოპერამ 150 მილიონი დოლარის ზარალი ნახა. მისი მსოფლიო კლასის ორკესტრის და გუნდის წევრები მარტის შემდეგ უმუშევრები არიან.
ოპერის მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ სეზონს საახალწლოდ გახსნიდნენ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება, მოგვიანებით, მთელი სეზონის დახურვით შეიცვალა. მეტროპოლიტენმა მარტიდან დაიწყო ძველი წარმოდგენების ჩანაწერების უფასოდ, ონლაინ გაშვება და ამბობს, რომ მათი ჩვენება კვლავაც გაგრძელდება.
ოთხშაბათს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ სეზონის გაუქმება "ჯანდაცვის იმ ოფიციალური პირების რეკომენდაციების საფუძველზე" გადაწყდა, ვინც რჩევებს აძლევს მეტროპოლიტენის ოპერას და ლინკონის ცენტრს. წარმოდგენები არ განახლდება მანამ, სანამ "ვაქცინის ფართო გამოყენება არ მოხდება, პოპულაციური იმუნიტეტი არ გამომუშავდება, ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სამედიცინო მოთხოვნა აღარ იქნება" - ნათქვამია მეტის განცხადებაში.
Facebook Forum