ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გზა მომავალ თაობას"- პრეზენტაცია ნიუ-იორკში


პრეზენტაცია "გზა მომავალ თაობას"
პრეზენტაცია "გზა მომავალ თაობას"

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა პიანისტმა, მაესტრო მერაბ ებრალიძემ "ამერიკის ოპერის სახლში", რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს, ორგანიზაცია "გზა მომავალ თაობას" დააარსა. ორგანიზაციის მიზანია ამერიკაში და საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ მუსიკოსებსა და არტისტებს გზის გაკვალვაში და პროფესიულ წარმატებებში დაეხმაროს. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

12 წლის ქუთაისელი მევიოლინე ანა ანაკიძე მაესტრო მერაბ ებრალიძის მიერ დაარსებულ ორგანიზაცია "გზა მომავალ თაობას" მიძღვნილ პრეზენტაცია-კონცერტზე ერთ-ერთი წარმატებული გამომსვლელი იყო. მან წელს უკვე სამ საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, საპრიზო ადგილები მოიპოვა და ლაურეატის წოდებაც მიიღო. თუმცა ანასთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი "ამერიკის ოპერის სახლში" გამოსვლა და კარნეგი ჰოლი იყო, სადაც საერთაშორისო კონკურსზე „AMERICAN PROTÉGÉ” მეორე პრემიის ლაურეატი გახდა და კარნეგი ჰოლში გალა-კონცერტზე დიმიტრი კაბალევსკის სავიოლინო კონცერტი შაბათს შეასრულა. ანა მერაბ ებრალიძის მიერ დაარსებული ორგანიზაციის " გზა მომავალ თაობას" პრეზენტაციაზე გამოსვლის შემდეგ თავის წარამტებებზე გვესაუბრა.

ანი ანაკიძე: თავიდან მეტყველების პრობლემა მქონდა და შემიყვანეს სიმღერაზე. პედაგოგს ჩემი სმენა მოეწონა და დედიკოს ვიოლინო ურჩია. მან ვიოლინოზე შემიყვანა და ძალიან შემიყვარდა. აღარ შემიძლია ვიოლინოს გარეშე. კარნეგი ჰოლის კონკურსში მონაწილეობისთვის ვიდეო გავგზავნეთ, სადაც მე ვუკრავ და კონკურსში გავიმარჯვე. კონკურსში, "AMERIKCAN PROTÉGÉ'მეორე პრემია მივიღე. ასე მოვედი აქამდე.

ფორტეპიანო, ვიოლინო, ესტრადა და ოპერა, პატარა არსტისტები წლევანდელ კონკურსზე მაყურებლის წინაშე ამ კატეგორიებში წარსდგნენ. მერაბ ებრალიძე, პიანისტი, რომელმაც ორგანიზაცია "გზა მომავალ თაობას " ნიჭიერი ქართველი, საქართველოში და ამერიკაში მცხოვრები ბავშვების პროფესიული წარმატებებისთვის დააარსა, მისი მისიის გასამართლებლად ზამთარში საქართველოში ჩასვლას და ბავშვების შერჩევას აპირებს, რომლებიც შემდგომ საერთაშორისო კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას.

მერაბ ებრალიძე: განსაკუთრებით, ყურადღება მიექცევათ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ- მუსიკოს შემსრულებლებს, ასევე საქართველოდანაც მაქსიმალურად ვეცდებით გაცვლითი პროგრამები ჩავატაროთ. დეკემბერ-იანვარში ვგეგმავ ჩასვლას და შესარჩევი ტურების გაკეთებას. ასევე, დაგეგმილია, რომ რამდენიმე მონაწილე ჩამოვიყვანოთ დაფინასნებით.

პიანისტი მერაბ ებრალიძე საქართველოდან შეერთებულ შტატებში 13 წლის წინ როგორც თავად ამბობს, "ბედის ბორბალის დასატრიალებლად" გადმოიხვეწა. პროფესიულ წარმატებებს ნიუ-იორკის სცენაზეც მიაღწია. ის არის ამერიკული კონკურსის, გერშვინის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო ჟიურის წევრი, თუმცა მთავარ საქმიანობად მაინც საკუთარ სტუდიას ასახელებს. ამ მუსიკალურ სტუდიაში ის ქართველ და უცხოელ ბავშვებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს უტარებს. მათ საერთაშორისო კონკურსებზე მიღწეულ წარმატებებზე მაესტრო გვესაუბრება.

მერაბ ებრალიძე : მაქვს სტუდია ბრუკლინში, სადაც ვმოღვაწეობ და მყავს დიდი კლასი. განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები. ბევრია მათ შორის ქართველი შემსრულებელი, რომლებმაც ბოლო 5-7 წლის განმავლობაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს როგორც შტატების, ასევე საერთაშორისო დონის კონკურსებში. მაგალითად, საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებული სტუდენტები არიან თარა ქავთარაძე, ანი მანია, ჯეისენ ჩემ. შტატების მასშტაბით ბევრი ჩემი მოსწავლე ყოველწლიურად საპრიზო ადგილს ყოველთვის იღებს.

ახალ ორგანიზაციას წარმატებებს უსურვებს ნიუ-იორკში მცხოვრები საოპერო ტენორი, დავით ღვინიანიძე. ის მოღვაწეობდა რუსეთში, თუმცა 2000 წელს შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა. ამერიკაში მან საოპერო ხელოვნების მიმართულებით ფონდი " მსოფლიო ტალანტები" დააარსა, რომელიც ახალგაზრდა საოპერო შემსრულებლების აღმოჩენას ემსახურება.

დავით ღვინიანიძე: ადამიანი ირჩევს თავის გზას. რათქმაუნდა, მერაბ ებრალიძეს არ ექნებოდა თავის რეალიზაციის ისეთი საშუალება საქართველოში რომ ყოფილიყო, რადგან აქ უფრო მეტს აკეთებს საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თქვენ შეხედეთ რამდენი ქათველი მუსიკოსია დღეს და ყველა მერაბის მოსწავლეა.

ფონდ "მსოფლიო ტალანტების" ინიციატივით სექტემბერში ქუთაისში საოპერო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობისთვის ქუთაისში მსოფლიო ვარსკვლავები - მეტროპოლიტენ ოპერიდან სოლისტი რაულ მელო, დიდი თეატრის სოლისტი ალექსანდრ კირიევი, სოპრანო რუსლანა კოვალი, ქართველი თამარ ივერი და სხვა ვარსკვლავები ჩავლენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG