ნიუ-იორკში მყოფი ცნობილი ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე იუწყება, რომ მეტროპოლიტენ ოპერაში მიმდინარე რეპეტიციები მოულოდნელად შეწყდა და სპექტაკლები გაურკვეველი დროით გადაიდო. შეერთებული შტატების კულტურის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დროებით დაიხურა.
გიორგი გაგნიძე შეერთებულ შტატებში 7 მარტს ჩამოვიდა და 11-12 მარტს მეტროპოლიტენში "ტოსკას" რეპეტიციებზე იმყოფებოდა. ქართველმა ბარიტონმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ახალი რეგულაციების გამო, რომელიც ევროპიდან მოგზაურობას ზღუდავს, რეპეტიციებზე ვენიდან ვეღარ ჩამოფრინდა "ტოსკაში" მისი პარტნიორი ანა ნეტრებკო. მეორე დღეს კი, სპექტაკლის მონაწილეებს გამოუცხადეს, რომ 31 მარტამდე ყველა რეპეტიცია და წარმოდგენა უქმდებოდა.
"ტოსკას" პრემიერა 26 მარტს იყო დაგეგმილი. გაგნიძე ამბობს, რომ ახლა ის თვითმფრინავის ბილეთის გადაცვლას და საქართველოში დაბრუნებას ცდილობს. მან იცის, რომ თვითიზოლაცია მოუწევს, მაგრამ სამშობლოში და ოჯახთან შედარებით ახლოს ყოფნა ურჩევნია. გაგნიძისთვის გაურკვეველი რჩება მაისში გერმანიაში დაგეგმილი სპექტაკლების ბედიც.
მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერი პიტერ გელბი ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ როდის და როგორ გაგრძელდება თეატრალური სეზონი, რომელიც 9 მაისს უნდა დასრულებულიყო. "მაშინ, როცა ჯანდაცვის ოფიციალური პირები დაბეჯითებით მოგვიწოდებენ სოციალური დისტანცირებისკენ, უბრალოდ წარმოუდგენელია ჩვენთვის მუშაობის გაგრძელება, რადგენ ეს ჩვენს შემსრულებლებს, თანამშრომლებს და აუდიტორიას რისკის ქვეშ აყენებს" - ასე მიწერა პიტერ გელბმა თანამშრომლებს.
სპეციალისტები აღნიშავენ, რომ ეს ფაქტი მეტროპოლიტენ ოპერას მილიონობით დოლარის ზარალს მოუტანს. თუმცა, მეტროპოლიტენი არ არის კულტურის ერთადერთი ცენტრი, რომელიც შეერთებულ შტატებში ამ დღეებში დაიხურა. მსმენელებისთვის კარს სულ ცოტა, მარტის ბოლომდე აღარ გააღებს სახელგანთქმული კარნეგი ჰოლი. წარმოდგენები გააუქმეს ფილადელფიის ორკესტრმა, ჩიკაგოს სიმფონიურმა ორკესტრმა, ლოს-ანჯელესის ფილარმონიამ და კულტურის ბევრმა სხვა ცენტრმა.
Facebook Forum