საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად 55 წლის სენატორი, კამალა ჰარისი დაასახელა. ის ცოტა ხნის წინ, დემოკრატთა წინასაარჩევნო მარათონში ბაიდენის ოპონენტი იყო.
მისი სრული სახელია კამალა დევი ჰარისი. პროფესიით იურისტი, შეერთებული შტატების სენატში პირველად 2017 წელს აირჩიეს. კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ჰოვარდის და შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტი. სენატორად არჩევამდე, ჰარისი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად ორჯერ აირჩიეს, ჯერ 2010 წელს და მოგვიანებით, 2014-ში.
ახლა მთელი ყურადღება დემოკრატთა ეროვნული ყრილობის მიმართ არის მიპყრობილი. ღონისძიება 17-დან 20 აგვისტომდე ვირტუალურად გაიმართება და მასზე პარტიიდან პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაციას ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი უკვე ოფიციალურად მიიღებენ.
შეერთებული შტატების ისტორიაში ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დაასახელეს და პირველი შემთხვევა, როცა ნომინაციაზე ფერადკანიანი ქალია წარდგენილი. ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაციაზე ქალის პირველად დასახელება გასულ საუკუნეში მოხდა. 1984 წელს, დემოკრატმა უოლტერ მონდეილმა, თავად ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, თანამებრძოლად აირჩია ჯერალდინ ფერარო, ნიუ-იორკის სამგზის გუბერნატორი. ისინი მაშინ რესპუბლიკელ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ბრძოლაში დამარცხდნენ.
შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი ვეტერანმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა დაასახელა. ეს იყო ალასკის გუბერნატორი სარა პეილინი. არჩევნები მაკკეინმა მაშინ დემოკრატ ბარაკ ობამასთან წააგო.
დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას 30 წელზე მეტი ხანი გეგმავდა. ის გამოკითხვებში რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსწრებს და მისი უმაღლეს ოფისში არჩევის შანსი დღეისთვის მაღალია. თუმცა, ხანდაზმულობის გამო, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელს, უკვე უწევს საუბარი ოფისის დატოვებაზე.
ბაიდენი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, მეორე ვადაზე კენჭს აღარ იყრის, თუ მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა შეირყა. ის თავს „გარდამავალ კანდიდატსაც“ კი უწოდებს და ამბობს, რომ თუ არჩევნები მოიგო, ძველი თაობის ლიდერებს და ახალგაზრდებს შორის, ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პოსტზე არჩევის მომენტში, ყველაზე ხანდაზმული ამერიკის პრეზიდენტი იქნება.
ჯო ბაიდენი დღეს 77 წლისაა, ინაუგურაციის შემთხვევაში, კი 2021 წლის იანვარში, 78 წლის იქნება. დონალდ ტრამპი მასზე 3 წლით უმცროსია, ივნისში მას 74 წელი შეუსრულდა.
დემოკრატები დიდი ხნის მანძილზე და ფრთხილად არჩევდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს. ჯო ბაიდენმა რამდენიმე თვის წინ პირობა დადო, რომ ვიცე-პრეზიდენტად ქალს შეარჩევდა. მასობრივი ანტირასისტული გამოსვლების შემდეგ, დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ კანდიდატად ფედარდკანიანი ქალი უნდა შერჩეულიყო.
ემი კლობუჩარმა, რომელიც დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობის ნომინაციისთვის იბრძოდა და თავიდან ვიცე-პრეზიდენტობის ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად განიხილებოდა, ჯო ბაიდენს საჯაროდ ურჩია, ამ პოსტისთვის ფერადკანიანი ქალი შეერჩია. "თუ ახლა გინდა, რომ ერს ტკივილი მოუშუშო, ეს სწორი გზა იქნება" - განაცხადა ივნისში კლობუჩარმა, რაზეც ჯო ბაიდენისგან შემდეგი პასუხი მიიღო: "შენი დახმარებით, ჩვენ დონალდ ტრამპს ნამდვილად დავამარცხებთ".
„რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ფსონები ძალიან მაღალია“ - ამბობს ტეხასის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ჯილბერტო ჰინოჯოსა. მისი თქმით, ბაიდენის მიერ შერჩეულ ვიცე-პრეზიდენტს მოუწევს არამარტო ტრამპის ეპოქის ვექტორის შეცვლა, არამედ ბაიდენის ჩანაცვლებაც, „თუ რაიმე მოხდა მისი ოფისში ყოფნის დროს“ და მეორე ვადის დასაწყისშიც, „თუ ბაიდენი პენსიაზე გავიდა“.
თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ჯორჯ ბუშ უფროსის შემთხვევაში მოხდა. წარსულში ვიცე-პრეზიდენტებმა თეთრი სახლის მოგება მხოლოდ სამ შემთხვევაში შეძლეს. ესენი იყვნენ ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი და მარტინ ვან ბურენი.
Facebook Forum