ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან.
დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი.
პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში გამოკვეთილად ლიდერობს როგორც ინფიცირების (2 781 025), ისე სიკვდილობის (130 813) მაჩვენებლებით. ამ ეტაპზე, კოვიდ-19-ის გართულებით გარდაცვლილი ამერიკელების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთად აღებულ შემდეგ სამ განვითარებად ქვეყანაში: ბრაზილია, რუსეთი და ინდოეთი.
ტრამპს უარყოფითი გამოხმაურებები აქვს მასშტაბურ ანტირასისტულ გამოსვლებზე რეაქციის კუთხითაც, და ახლა უკვე ავღანეთში მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებთან დაკავშირებული სკანდალის გამოც. ამ ყველაფრის ფონზე, პრეზიდენტმა 30 ივნისს "ტვიტერზე" დაწერა: "მარტოხელა მებრძოლი"!
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთრი თავი წინააღმდეგობებთან მებრძოლ ერთადერთ ჯარისკაცად წარმოაჩინა. სავარაუდოდ, ესეც საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, რომელიც პიუს კვლევითმა ცენტრმა 30 ივნისს გამოაქვეყნა, ტრამპი ბაიდენს 10 პროცენტით ჩამორჩება. გამოკითხულ ამერიკელთა შორის, რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% მხარს ბაიდენს უჭერს, ტრამპს კი - 44% ემხრობა.
პრეზიდენტის მომხრეებს ეს მონაცემები არ აშინებთ. ისინი 2016 წლის არჩევნებს იგონებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ეტაპზე, დაახლოებით ამ დროს, ივნისში, ის ჰილარი კლინტონსაც 10 პროცენტით ჩამორჩებოდა, თუმცა არჩევნებზე მისი დამრცხება მაინც მოახერხა.
"მკვლევარები ქვიშაში რამდენიმე მარცვალს უყურებენ, მთელი სანაპიროს ნაცვლად. ერთადერთი გამოკითხვა, რომელიც ფასობს, არის 2020 წლის 3 ნოემბერი" - ამბობს ლინდა ტროკინი, სემინოლის საგრაფოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფლორიდის შტატში.
იმედს არ კარგავს არც მისი კოლეგა ტეხასის შტატის, დალასის საგრაფოში - როდნი ანდერსონი. მისი თქმით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის "დამსახურებები წინა პლანზე წამოიწევს" და ეს რეალური გამოწვევა იქნება ჯო ბაიდენისთვის, რომელიც "სიტყვებს თავს ვერ უყრის".
სავარაუდოდ, რესპუბლიკელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიასაც სწორედ ეს გათვლა აქვს. დონალდ ტრამპი ხშირად ხმარობს გამოთქმას "ჩუმი უმრავლესობა" და ამით მიანიშნებს, რომ გამოკითხვების უმეტეს ნაწილში ბაიდენის დაწინაურების მიუხედავად, მას მეტი მხარდაჭერა აქვს იმ ადამიანებისგან, ვინც არჩევნებამდე ძალიან არ აქტიურობს.
Facebook Forum