ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ასაკი დიდ გავლენას ახდენს საპრეზიდენტო კამპანიაზე და ვიცე-პრეზიდენტის შერჩევის პროცესზე


ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას 30 წელზე მეტი ხანია გეგმავს. ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს შეიძლება წელს მაინც გაუმართლოს და ამერიკელებმა ის უმაღლეს ოფისში აირჩიონ, მაგრამ ხანდაზმულობის გამო, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელს, უკვე უწევს საუბარი ოფისის დატოვებაზე.

შეშფოთება ამერიკელებში მართლაც არსებობს. დემოკრატთა მრავალრიცხოვან მარათონს შემორჩენილი ერთადერთი კანდიდატი 77 წლისაა. გამარჯვების შემთხვევაში, ის პოსტზე არჩევის მომენტში ყველაზე ხანდაზმული ამერიკის პრეზიდენტი იქნება.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

ბაიდენი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, მეორე ვადაზე კენჭს აღარ იყრის, თუ მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა შეირყა. ის თავს „გარდამავალ კანდიდატსაც“ კი უწოდებს და ამბობს, რომ თუ არჩევნები მოიგო, ძველი თაობის ლიდერებს და ახალგაზრდებს შორის, ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს.

მეორედ კენჭისყრაზე მტკიცე უარს ბაიდენი ვერ იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში მისი არჩევის შანსებიც შემცირდება. მითუმეტეს, როცა ნოემბერში სასწორზე, დიდი ალბათობით, ეკონომიკურად დაუძლურებული ქვეყნის გადაბარება და პარალელურად პანდემიის მართვაც იქნება.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მანამდე კი დიდი ხნის სენატორი, სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ წინასწარ გამზადებულ ტექსტებში იშვიათად იყურება. ბაიდენს გულწრფელ, ბუნებრივ, იუმორით სავსე, მეგობრულ და თბილ ადამიანად იცნობენ. დემოკრატებში ის საკმარისად პოპულარულია, თუმცა ბაიდენის ხანდაზმულობა ძალაუნებურად აჩენს კითხვას, თუ ვინ გაუძღვება პარტიას მის შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ბაიდენზე დიდი წნეხია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის სწორად შერჩევასთან დაკავშირებით. ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე დემოკრატი ლიდერი, შესაძლოა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე იდგეს.

ბაიდენი დონორებს დაპირდა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს აგვისტოში დანიშნულ დემოკრატთა ეროვნულ ყრილობამდე გაცილებით ადრე დაასახელებდა. მისი საპრეზიდენტო კამპანიიდან გამოსული ხმების მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ბედი ამ თვის ბოლომდე გადაწყდება.

ბაიდენმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი პირობა დადო. მან თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალს შეარჩევდა. ამიტომ, ანალიტიკოსთა სპეკულაციები უმთავრესად ქალ დემოკრატთა ცნობილ სახეებს უტრიალებს.

დემოკრატთა ერთ-ერთი დებატები
დემოკრატთა ერთ-ერთი დებატები

პოლიტოლოგები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება სენატორი ელიზაბეტ უორენი ყოფილიყო, რომელიც წინასაარჩევნო მარათონზე სხვებზე დიდხანს დარჩა და ის ბაიდენს ბევრი ე.წ. პროგრესისტი დემოკრატის ხმას მოუტანდა. მოგვიანებით, როცა აქცენტი უფრო ახალგაზრდა ამერიკელების ხმების მოზიდვის აუცილებლობაზე გაკეთდა, აშკარა გახდა, რომ მასაჩუსეტსის 70 წლის სენატორი თაობებს შორის გადებულ ხიდად ვერ ჩაითვლებოდა.

ამიტომ, უფრო რეალურ კანდიდატებად ჯერჯერობით საპრეზიდენტო მარათონის ორი ყოფილი მონაწილე რჩება. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ახლა კალიფორნიის შტატის სენატორი, 55 წლის კამალა ჰარისი და 59 წლის მინესოტის სენატორი ემი კლობუჩარი არიან.

თავად ბაიდენი, გულწრფელობიდან გამომდინარე, ხმამაღლა საუბრობს სავარაუდო კანდიდატებზე. მან არაერთხელ ახსენა ორი ფერადკანიანი ქალი: კამალა ჰარისი და სტეისი აბრამსი. ეს უკანასკნელი ბოლოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორობის კანდიდატი იყო და სამხრეთის შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბაიდენი კიდევ ორ შავკანიან ქალს ახსენებს ხოლმე - ატლანტის მერს ქეიშა ბოთომს და წარმომადგენელთა პალატის წევრს ფლორიდის შტატიდან ვალ დემინგსს. ეს ანალიტიკოსებს უძლიერებს ეჭვს, რომ ვიცე-პრეზიდენტი არამარტო ქალი იქნება, არამედ ფერადკანიანიც.

ვინც ფსონს თავიდანვე კამალა ჰარისის დასახელებაზე დებდა, დღეს იმედები კიდევ უფრო გაუძლიერდა. ჯო ბაიდენმა თავის კამპანიაში უფროსი მრჩეველის პოსტზე ჰარისის თანაშემწე, ჯული როდრიგესი მიიწვია. როდრიგესი კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო. ის ახლა ბაიდენთან ესპანურენოვანი ამომრჩევლის მოზიდვაზე იმუშავებს.

კამალა ჰარისი
კამალა ჰარისი

ბაიდენი სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და კამპანიის დასაწყისში ამ მიმართულებით პრობლემებიც კი შეექმნა. დეპორტაციების დიდი რაოდენობით, ბაიდენს ესპანურენოვანთა ჯგუფებისთვის არც ისე სახარბიელო წარსული აქვს.

სწორი კანდიდატის შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა დღეს პანდემიის გამოც ენიჭება. ტრადიციული საპრეზიდენტო კამპანია ხომ ამერიკაში პრაქტიკულად შეწყვეტილია. ბაიდენი ახლა წესით ქალაქიდან ქალაქში დადიოდეს, ამომრჩევლებთან შეხვედრებს უნდა მართავდეს და მათი გულების და ხმების მოგებას ცდილობდეს. რაკი ეს პროცესი ჩაიშალა, ხმების მოზიდვის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ დღეს ვიცე-პრეზიდენტის სწორი კანდიდატის დასახელება რჩება.

„რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ფსონები ძალიან მაღალია“ - ამბობს ტეხასის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ჯილბერტო ჰინოჯოსა. მისი თქმით, ბაიდენის მიერ შერჩეულ ვიცე-პრეზიდენტს მოუწევს არამარტო ტრამპის ეპოქის ვექტორის შეცვლა, არამედ ბაიდენის ჩანაცვლებაც, „თუ რაიმე მოხდა მისი ოფისში ყოფნის დროს“ და მეორე ვადის დასაწყისშიც, „თუ ბაიდენი პენსიაზე გავიდა“.

თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ჯორჯ ბუშ უფროსის შემთხვევაში მოხდა. წარსულში ვიცე-პრეზიდენტებმა თეთრი სახლის მოგება მხოლოდ სამ შემთხვევაში შეძლეს. ესენი იყვნენ ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი და მარტინ ვან ბურენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG