დემოკრატთა ეროვნული ყრილობა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე პარტიის ნომინანტი უნდა დაასახელოს, აგვისტოსთვის უნდა გადაიდოს. აღნიშნულ განცხადებას დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ავრცელებს. კორონავირუსის გამო ჯანდაცვის კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, რამდენიმე შტატში წინასაარჩევნო პროცესები ჩაიშალა.
"მეეჭვება დემოკრატთა ყრილობის ჩატარება ივლისის შუა რიცხვებში იყოს შესაძლებელი" - უთხრა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია "ენ-ბი-სის" ოთხშაბათს, გვიან საღამოს. "ვფიქრობ, ის აგვისტოში უნდა გაიმართოს" - დასძინა მან.
ბაიდენი კოვიდ-19-ის ამერიკაში გავრცელებამდე შიდაპარტიული არჩევნების ლიდერი იყო. ინფიცირების ზრდასთან ერთად, ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსახლეობა აუცილებელი საჭიროების გარეშე, სახლიდან აღარ გადის. აკრძალულია მასობრივი შეკრებები და თავყრილობები. საპრეზიდენტო კამპანია კი მხოლოდ ონლაინ გრძელდება. თავად ჯო ბაიდენიც ტელევიზიას დელავერის შტატში მდებარე საკუთარი სახლიდან ჩაერთო.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს. დემოკრატთა ეროვნული ყრილობა, კი რომელიც პარტიის ნომინაციის მფლობელს ოფიციალურად ასახელებს, 13-დან 16 ივლისამდე იგეგმებოდა.
Facebook Forum