კვირა საღამოს, ბოლო ორ წამყვან დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვერმონტის შტატის სენატორ ბერნი სანდერსს შორის ენერგიული კამათი გაიმართა.
ორივე კანდიდატი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენჯერმე დაესხა თავს. ბაიდენმა პრეზიდენტს “ქვეყნისთვის ეგსისტენციალური საფრთხე” უწოდა, სანდერსმა კი ტრამპი “პათოლოგიურ მატყუარად” გამოაცხადა, რომელიც “კორუმპირებულ ადმინისტრაციას” ზედამხედველობს.
ორივე კანდიდატმა ტრამპის მიერ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემიის მართვა გააკრიტიკა. სანდერსმა მას ბრალი “მეცნიერების ძირის გამოთხრაში” დასდო, ბაიდენმა კი ადმინისტრაციას დააბრალა, რომ კრიზისის ადრეულ ეტაპზე, როდესაც შეერთებულ შტატებს ამის საშუალება ჰქონდა, სხვა ქვეყნებიდან ტესტის კომპლექტების შემოტანაზე უარი თქვა.
ჯო ბაიდენის თქმით, “ეს ჩვენზე თავდასხმასავითაა, ომის დროს, საკუთარი ხალხის დასაცავად რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებ. რაც ამ კრიზისის დასაძლევად იქნება საჭირო, ყველაფერი უფასო უნდა იყოს. საფასური ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა უნდა დაფარონ.”
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად სამხედროებს მოუხმობდა.
სანდერსმა განაცხადა, რომ ტრამპმა მთავრობის საპასუხო ქმედება შეაფერხა იმით, რომ მთავრობის ექსპერტების და მეცნიერების რეკომენდაციები უგულებელყო.
ორივე კანდიდატი ვირტუალურად შეჯერდა იმაზე, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალს შეარჩევს.
სანდერსი ამომრჩეველს პოლიტიკური რევოლუციისკენ მოუწოდებს, რათა შეუტიონ კერძო ინტერესებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჯანდაცვას და ენერგეტიკას აკონტროლებენ. ბაიდენი ნაკლებად დრამატული ცვლილებების მომხრეა, მაგრამ ისიც ემხრობა იმას, რომ ამერიკის პოლიტიკა, ტრამპის ადმინისტრაციიგან, ფილოსოფიურად მნიშვნელოვნად მარცხნივ გადაიხაროს.
კვირის დებატები ადიტორიის წინაშე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელებამ ორი ვეტერანი პოლიტიკოსი აიძულა, ორსაათიანი დებატი "სი ენ ენ"-ის ვაშინგტონის სტუდიაში აუდიტორიის გარეშე ჩაეტარებინა, რაც აქამდე ყოველ ჯერზე ხდებოდა.
ამ დროისთვის, დელეგატების რაოდენობის მხრივ, ბაიდენს აშკარა უპირატესობა აქვს. შესაძლოა ორი პრეტენდენტის დაპირისპირება, ივლისში დაგეგმილ ეროვნულ სანომინაციო ყრილობამდე ბოლო დებატი აღმოჩნდეს.
Facebook Forum