ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უმთავრესი მეტოქე დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში კიდევ ოთხ შტატში დაამარცხა. ამჯერად ბაიდენმა ვერმონტელ სენატორზე, ბერნი სანდერსზე მეტი ხმები მოიპოვა მისისიპიში, მისურიში და მიჩიგანში. ამით ის კიდევ უფრო ახლოსაა მიზანთან - გახდეს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტი და ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიიღოს მონაწილეობა.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მისისიპისა და მისურის შედეგები გასაკვირი არ იყო. განსაკუთებით კი - მისისიპის შტატში, სადაც აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის მოსახლეობა ჭარბობს. ბაიდენი მოსახლეობის ამ ნაწილში სხვა შტატებშიც მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა.
გარდა ამისა, ბაიდენს მხარი დაუჭირეს იმ დემოკრატებმაც, რომლებსაც რიგ საკითხებზე ე.წ. შუალედური პოზიციები აქვთ ან თავს კონსერვატორებად მიიჩნევენ. ბაიდენის მხარდამჭერთა შორის იყვნენ სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის წევრები, მათ შორის ქალები, აფრო-ამერიკელები, უმაღლესი განათლების მქონე და არ მქონე მოქალაქეები, ასაკოვანი ამომრჩევლები, პროფკავშირების წევრები და სხვები. თუმცა, არა ლიბერალები. ამ მონაცემებს "ედისონ რისერჩი" აქვეყნებს.
მთავარი მაინც მიჩიგანის შტატი იყო იმ 6 შტატს შორის, რომლებშიც ხმა სამშაბათს მისცეს. მიჩიგანს 125 დელეგატი ჰყავს და ივლისში, პარტიის ეროვნული კონვენციისას, როდესაც საპრეზიდენტო ნომინანტი უნდა დაასახელონ, მათი ხმები მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, მიჩიგანის შტატში 2016 წლის მთავარ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება ყველასთვის მოულოდნელად, დონალდ ტრამპმა მოიპოვა და 125 დელეგატის ხმაც არსებითი მნიშვნელობის აღმოჩნდა.
77 წლის კანდიდატმა ფილადელფიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას პარტიის წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს. ჩვენ ერთად დავამარცხებთ დონალდ ტრამპს", - თქვა ბაიდენმა და მეტოქის, ბერნი სანდერსის მხარდამჭერებსაც მადლობა გადაუხადა მათი ენერგიისა და შემართებისთვის.
დემოკრატმა სოციალისტმა, ბერნი სანდერსმა კი გამარჯვება ჩრდილოეთ დაკოტაში მოიპოვა. ვაშინგტონის შტატში შედეგები ჯერჯერობით ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო საიმისოდ, რომ რომელიმე კანდიდატის გამარჯვება გამოცხადებულიყო.
სამშაბათს შიდაპარტიული პრაიმერები 3 შტატში ჩატარდა - ჩრდილოეთ დაკოტა, აიდაჰო და ვაშინგტონი. გასულ კვირას კი ბაიდენმა 14 პრაიმერიდან 10 მოიგო და ე.წ. "სუპერ სამშაბათის" უდავო ლიდერი გახდა.
Facebook Forum