ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივლისი ამერიკაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლით დაიწყო


რიგი ტესტის აღებაზე მაიამიში, ფლორიდის შტატი, აშშ. 26 ივნისის ფოტო.
რიგი ტესტის აღებაზე მაიამიში, ფლორიდის შტატი, აშშ. 26 ივნისის ფოტო.

47 000 ინფიცირებული - შეერთებულ შტატებში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ერთ დღეში კოვიდ-19-ით ინფიცირების რეკორდული მატება დაფიქსირდა. შემთხვევების დიდი ნაწილი ქვეყნის სამხრეთით და დასავლეთით მდებარე შტატებზე მოდის, როგორიცაა ფლორიდა, ჯორჯია, არიზონა, ტეხასი, სამხრეთ კაროლინა და კალიფორნია.

ერთი დღით ადრე, ენტონი ფაუჩიმ, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა თქვა, რომ ინფიცირების რაოდენობა სავარაუდოდ გაორმაგდება. ექიმი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ ამერიკაში დღეში 100 000-მდე ინფიცირებული აღირიცხოს, თუ პანდემიის შეკავება არ მოხდა.

"აშკარად არ გვაქვს [პანდემიაზე] სრული კონტროლი" - თქვა მან კონგრესში გამართულ მოსმენაზე. ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტმა კანონმდებლებს უთხრა, რომ დღეს ყურადღების მხოლოდ იმ შტატებზე გამახვილება, სადაც ინფიცირება ყველაზე მეტად მზარდია, "მთელ ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებს".

სამშაბათს, ვიდრე კონგრესში ექიმ ფაუჩის და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს უსმენდნენ, ჩრდილო-აღმოსავლეთის სამმა შტატმა სავალდებულო კარანტინის სია გაზარდა. ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და კონექტიკუტის შტატებმა, რომელთაც ცოტა ხნის წინ პანდემიისგან ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს, გამოაცხადეს, რომ მათთან, ამერიკის 16 შტატიდან ჩამოსულებმა, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

აქამდე სამშტატიანი რეგიონის საკარანტინე სიაში შედიოდა: ალაბამა, არიზონა, არკანზასი, ფლორიდა, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ტეხასი და იუტა. სამშაბათიდან მათ რიცხვს შეემატა: კალიფორნია, ჯორჯია, აიდაჰო, აიოვა, ლუიზიანა, მისისიპი, ნევადა და ტენესი. ​

ინფიცირების ზრდამ რამდენიმე შტატში მიმდინარე საკარანტინე ზომების შემსუბუქების პროცესი შეაჩერა. ფლორიდის, ტეხასის და კალიფორნიის გუბერნატორებმა ეკონომიკის ამუშავების გეგმები ჯერჯერობით შეანელეს. დაიხურა ბარები და რესტორნები, ნიღბების ტარება კი სავალდებულო გახდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი 2.7 მილიონზე მეტია. ახალი კორონავირუსის გართულებებით გარდაიცვალა 130 134 ადამიანი. ამერიკის მოქალაქეებს კარანტინის გავლის გარეშე აღარ უშვებენ ევროპის კავშირის და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG