ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები და ვაქცინა - კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 მილიონია


ექიმი ენტონი ფაუჩი
ექიმი ენტონი ფაუჩი

თეთრი სახლის სურვილს, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა შესაძლოა ოქტომბერში უკვე მზად იყოს, მეცნიერები პოლიტიკურ ზეწოლად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ იქნება თუ არა რომელიმე კონკრეტული ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხო და მოხდება თუ არა მისთვის ლიცენზიის მინიჭება, პოლიტიკური ზეწოლის შედეგად არ გადაწყდება.

"ჩვენ გვაქვს გარანტიები. მე ვესაუბრე მარეგულირებლებს, რომლებიც გვპირდებიან, რომ ისინი არ აპირებენ გაითვალისწინონ პოლიტიკური განცხადებები ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებით. მარეგულურებლები გვარწმუნებენ, რომ მათთვის ვაქცინის დამტკიცებისთვის მთავარი იქნება ის, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ვაქცინა ადამიანებისთვის და რამდენად ეფექტური,"- აცხადებს სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს ენტონი ფაუჩი.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, სოციოლოგიური კვლევებით კი ირკვევა რომ მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს პრეზიდენტობისთვის, დემოკრატების სავარაუდო კანდიდატ, ჯო ბაიდენთან მარცხდება. 3 ნოემბრის არჩევნების წინ, პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგი ეცემა და ის მხარდამჭერებს კარგავს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაფერი პანდემიის გამო შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრამდე დამტკიცდება, არ არის გამორიცხული ეს ფაქტი პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

"მე დარწმუნებული ვარ რომ თეთრ სახლს ეს სურს. მაგრამ მე არ მიგრძვნია რაიმე სახის ზეწოლა, რომ სხვანაირად ვაკეთოთ საქმე, ვიდრე ამას ჩვენ ვაკეთებთ დღეს,"- ამბობს ექიმი ფაუჩი.

ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ19-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიონია (4.8) გარდაცვლილთა რაოდენობა კი 158 300-ს აღემატება.

სულ მსოფლიოში კოვიდ19 დაუდასტურდა 19 მილიონ ადამიანს, გარდაიცვალა 700 000-ზე მეტი ადამიანი. ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, რთული ვითარება არის ბრაზილიაში, ინდოეთში და რუსეთში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG