ამერიკა და რუსეთი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბირთვული იარაღის კონრტროლზე საუბრობენ. 2010 წელს ხელმოწერილ „ახლი სტარტის“ ხელშეკრულებას ვადა თებერვალში გაუვა. რა მოხდება თუ ვაშინგტონი და მოსკოვი ვერ შეთანხმდნენ? რატომ აცხადებს ჩინეთი უარს მოლაპარაკებაში მონაწილობაზე? რატომ სურს რუსეთს ხელშეკრულება იგივე ფორმით განახლდეს, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს და რატომ იკავებს ამაზე ამერიკა თავს? პირველი სტარტის შეთანხმების ერთ-ერთი მომლაპარაკებელი ფრენკ მილერი ამბობს, რომ ამერიკა იდეოლოგიურ ბრძოლაშია ჩართული რუსეთთან და ჩინეთთან და ვითარებიდან გამოსავალი საბოლოო ჯამში ბირთვულ შეკავებას უკავშირდება.
ბატონო ფრენკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. ვენაში დიდი პროცესი დაიწყო. შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან, ახალი სტარტის ხელშეკრულების განახლებისთვის საჭირო მოლაპარაკების დასაწყებად. რას ფიქრობთ მოლაპარაკების დაწყების დროზე? რატომ ახლა?
ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გაუვა. სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და დიპლომატებმა ნაბიჯები უნდა გადადგან მისი განახლების მიმართულებით. მე ჩემი შეხედულება მაქვს იმაზე, უნდა განახლდეს თუ არა შეთანხმება იმ ფორმით, რა ფორმაც მას დღეს აქვს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამაზე შეკითხვები მოგვიანებით გექნებათ.
დიახ. თუმცა, მოლაპარაკება ერთ წელზე მეტი შეჩერებული იყო.
ადმინისტრაციას დრო დასჭირდა იმისთვის, რომ შეემუშავებინა სამოქმედო გეგმა. ვფიქრობ, ეს დაყოვნება ამიტომაც მოხდა.
პრეზიდენტმა პუტინმა პირადად გამოთქვა ახალი სტარტის ხელშეკრულების - ან რა სახელიც არ უნდა დაერქვას ახალ შეთახმებას - განახლებისთვის მზადყოფნა. მეორეს მხრივ, პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ჩვენთვის უცნობია. როგორ ხსნით ამას - რატომ გამოხატავს პრეზიდენტი პუტინი შეთანხმების განახლების ასეთ მხარდაჭერას და რას უკავშირდება ამერიკის თავშეკავება?
პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალის განახლება დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. პუტინს ის აწუხებს, რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ბირთვული ძალის მოდერნიზებაზე მუშაობა შეიძლება უკვე მალე დაიწყოს. ამაზე ამერიკა უკვე დიდი ხანია საუბრობს და ზოგიერთი საწყისი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. მაგალითად, გამოყოფილია წინასწარი თანხები, - ახალი რაკეტების, ბომბდამშენებისა და წყალქვეშა ნავების მშენებლობა მალე დაიწყება. პუტინს და მის ადმინისტრაციას ამერიკის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა სურთ. ამიტომაც არიან ისინი ასე დაინტერესებული არსებული შეთანხმების განახლებით.
2010 წლის შემდეგ, პუტინმა ბევრი რამ შეცვალა. იმასთან ერთად, რომ რუსეთი აგრძელებს ინტერკონტინენტური იარაღის წარმოებას, პუტინმა იმ იარაღის მთელი არსენალი შექმნა, რომლითაც ევროპაში ჩვენს მოკავშირეებს ემუქრება. ამ იარაღს, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სტარტის ხელშეკრულება არ მოიცავს. ამასთან ერთად, რუსეთმა შეიმუშავა ერთგვარი ეგზოტიკური ბირთვული რაკეტა, რომელსაც შეუძლია ოკეანის ფსკერს მიჰყვეს. ახალი სტარტის შეთანხმება არც ამ იარაღს არეგულირებს.
ამერიკის გადმოსახედიდან, ახალი სტარტის ხელშეკრულება, სინამდვილეში, ვეღარ უზრუნველყოფს ამერიკისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ჩინეთი სტარტის ხელშეკრულების ნაწილი არ არის მაშინ, როცა საკუთარ ბირთვულ არსენალს ჩინეთიც ზრდის. ამერიკის მხრიდან თავშეკავება სწორედ იმას უკავშირდება, რომ ახალი სტარტის შეთანხმების არსებული ფორმით გაგრძელება ვერც ამერიკას იცავს, ვერც ნატოს და ვერც ჩვენს მოკავშირე იაპონიას.
რატომ არის ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანი? თქვენ ამ სფეროს ექსპერტი ხართ და შეთანხმების ტექნიკური ასპექტები კარგად გესმით. როგორ აუხსნიდით მის მნიშვნელობას იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დეტალებს არ იცნობენ. მაგალითად, ვიცით ის, რომ 2010 წელს ახალი სტარტის ხელშეკრულებამ მხარეები დაავალდებულა, რომ მათ არსენალში საშუალო რადიუსის ბირთვული ქობინების რაოდენობა 1 155-ზე მეტი არ ყოფილიყო. ეს ბირთვული ქობინების მაინც უდიდესი რიცხვია. რამდენად იცავს შეთანხმება მხარეებს, მაშინ როცა მათ ბირთვულ არსენალში მაინც ამდენი საშუალო რადიუსის ქობინი აქვთ?
შეკავების მთავარი პრინციპი ისაა, რომ იმ აქტივებისთვის რისკის შექმნა შეგეძლოს, რომლებსაც მოწინააღმდეგის ლიდერები უფრთხილდებიან. რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევაში, ეს მთავრობების მიერ მმართველობის შენარჩუნება, შეიარაღებული ძალები და იარაღის ინდუსტრიაა.
ეს კარგი შეკითხვებია. ვფიქრობ, განმარტება იმით უნდა დავიწყოთ, თუ რისთვისაა ეს შეთანხმებები საჭრო. მათი დანიშნულება საფრთხეების შეზღუდვაა. ამერიკის შემთხვევაში, მაგალითად, ამ არსენალის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ყოველდღიურად მობილიზებული. ჰაერში მყოფი ყველა ამერიკული ბირთვული ბომბდამშენის ბორტზე ბირთვული ქობინი არ არის. ამისთვის რამდენიმე კვირა იქნებოდა საჭირო. იგივე შეიძლება ითქვას ბირთვულ წყალქვეშა გემებზეც.
უდავოდ, ეს ბირთვული ბომბების ძალიან დიდი რაოდენობაა. მაგრამ, შეკავების მთავარი პრინციპი ისაა, რომ იმ აქტივებისთვის რისკის შექმნა შეგეძლოს, რომლებსაც მოწინააღმდეგის ლიდერები უფრთხილდებიან. რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევაში, ეს მთავრობების მიერ მმართველობის შენარჩუნება, შეიარაღებული ძალები და იარაღის ინდუსტრიაა. კი, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ ის გაცილებით პატარაა, ვიდრე მხარეებს ცივი ომის დროს ჰქონდათ. მაშინ ამერიკას და საბჭოთა კავშირს სათითაოდ 10 ათასზე მეტი ქობინი გააჩნდათ..
ეს ყველაფერი საშუალო რადიუსის ქობინებს ეხება. შემაშფოთებელი ისაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთმა მოკლე რადიუსიანი ბირთვული ქობინების მთელი არსენალი შეიმუშავა. იმაზე რომ ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება დაიწყოს ომი, ეს წარმოუდგენელი სცენარი იქნება რომ ვაშინგტონში ან მოსკოვში ერთ დილას გაიღვიძონ და ერთმანეთისთვის ბირთვული იარაღის სროლა დაიწყონ. ომი თუ მოხდა, ის ევროპაში დაიწყება და რუსები მოკლე რადიუსიანი ბირთვული იარაღით ნატოს შეჩერებას შეეცდებიან. ამერიკისთვის გამოწვევას ის წარმოადგენს, თუ როგორ მოაქციოს მოკლე რადიუსის ქობინები გარკვეული შეზღუდვების ჩარჩოებში.
არის თუ არა რაიმე შეთანხმება, რომელიც მოკლე რადიუსის ბირთვულ იარაღს აკონტროლებს?
კი. ასეთი შეთანხმება იყო და მას აი-ენ-ეფი (INF) ერქვა. მაგრამ რუსეთმა ის დაარღვია. ამ შეთანხმებას ხელი რეიგანმა და გორბაჩოვმა მოაწერეს. მაგრამ მოგვიანებით, ბატონმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ შეემუშავებინა იარაღი და ის ფარულად ველზე განელაგებინა. ჩვენმა დაზვერვამ ისინი გამოიჭირა. ობამას ადმინისტრაციამ პუტინს 4 წელი მისცა იმისთვის, რომ მათ უწყვეტად ელაპარაკათ განმარტებებზე. ტრამპის ადმინისტრაციამ კი თქვა, რომ ეს ხელშეკრულება აღარ არსებობს, რადგან რუსეთი მას დიდი ხანია არღვევს და რომ ამერიკა კვლავ იცავს მის პირობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება მხოლოდ ამერიკას ზღუდავს და რუსეთს ის არ აინტერესებს. ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ აი-ენ-ეფის ხელშეკრულება მოკვდა.
მახსოვს, მაშინ მე და თქვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ. მაშინ ამერიკა რუსეთთან საინფორმაციო ბრძოლას აგებდა. ევროპაში ამერიკის მოკავშირეები შეერთებულ შტატებს აკრიტიკებდნენ ხელშეკრულების დატოვებისთვის და არ საუბრობდნენ რუსეთის მიერ მის დარღვევაზე.
მას შემდეგ რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ადმინისტრაციამ მოკავშირეებთან ბევრი იმუშავა. დღეს ნატოს ყველა წევრი ფიქრობს, რომ აი-ენ-ეფის ხელშეკრულების გაუქმება სინამდვილეში რუსეთის ბრალია.
თქვენ ახსენეთ, რომ არ გსურთ შეთანხმება იმ ფორმით განახლდეს, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს. რატომ ფიქრობთ ასე? რა არის შეთანხმებაში ისეთი, რაც ამ შეშფოთებას გიჩენთ?
2010 წლის შემდეგ, პუტინი და მისი მთავრობა აქტიურად აახლებენ რუსეთის სამხედრო ძალებს - როგორც ჩვეულებრივ, ასევე ბირთვულ შეიარაღებას. პუტინმა დიდი სირცხვილი ჭამა - სამხედრო თვალსაზრისით - 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ.
2010 წლის შემდეგ, პუტინი და მისი მთავრობა აქტიურად აახლებენ რუსეთის სამხედრო ძალებს - როგორც ჩვეულებრივ, ასევე ბირთვულ შეიარაღებას. პუტინმა დიდი სირცხვილი ჭამა - სამხედრო თვალსაზრისით - 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა რუსეთის ჯარის შესაძლებლობები გაეზარდა, რაც გააკეთა და მოგვიანებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს გამოსცადა. დღეს ის თავს ძალიან კარგად გრძნობს სამხედრო თვალსაზრისით, რაშიც ბირთვული შეიარაღებაც შედის. სწორედ ამ თავდაჯერების გამო, ის ჩვენს მოკავშირეებს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს ემუქრება.
ჯარის გაძლიერების ერთი ნაწილი მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების შექმნა იყო, რომელთა დიდი ნაწილი რუსული სამხედრო თვითმფრინავების და გემების შეიარაღების ნაწილია და ასევე ხმელეთზე სარაკეტო სისტემებითაა განლაგებული. შეერთებულ შტატებს სურს ახალ ხელშეკრულებაში ყველა სახის ველზე განლაგებული ბირთვული იარაღი შევიდეს.
რუსეთი ამას დათანხმდება?
არ ვიცით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთის მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან სიგნალები მოგვდის. ლავროვი, რიაბკოვი, ანტონოვი, თავად პუტინი ამბობენ, რომ ახალი სტარტის შეთანხმება იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ის უნდა განახლდეს. ისინი ნერვიულობენ ამერიკის ინდუსტრიულ პოტენციალზე მას შემდეგ, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დაიწყება. მათ კარგი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ ამერიკასთან შეთანხმება შედგეს, მაგრამ იზამენ თუ არა ამას, არ ვიცი.
ჩინეთზე ჯერ არ გვისაუბრია. ამერიკამ თავიდანვე ღიად მიიწვია ჩინეთი მოლაპარაკებებზე. ვენაში დიალოგის დაწყების მერეც კი, მთავარმა მომლაპარაკებელმა მარშალ ბელინგზლიმ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ჩინეთისთვის ადგილი დატოვებულია. რატომ ამბობს ჩინეთი უარს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე?
ჩინეთი არასდროს ერთვება იარაღის კონტროლის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. საერთაშორისო ინსპექტორები ჩინეთის ტერიტორიაზე არასდროს ყოფილან. ჩინეთი ბედნიერია იმით, რომ ჩუმად გააგრძელოს საკუთარი ბირთვული არსენალის გაზრდა და ის ამერიკის და რუსეთის დონემდე მიიყვანოს. ჩინეთი ყოველთვის ეუბნება სამყაროს, რომ მათი ბირთვული საქმიანობა არავის საქმე არ არის. ეს კი ჩვენი მოკავშირეებისთვის, როგორებიცაა სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია - საფრთხეს წარმოადგენს. იმისთვის, რომ ჩინეთი რაიმე სახის საერთაშორისო შეზღუდვის ნაწილი გახდეს, რამდენიმე ფაზიანი პროცესია საჭირო. ვფიქრობ, თებერვლამდე ამის მიღწევა შეუძლებელია. ამას სჯობს, ჯერ ამერიკამ და რუსეთმა მიაღწიონ შეთანხმებას ყველა სახის ბირთვული იარაღის კონტროლზე და ამის შემდეგ მოხდეს ჩინელების ჩართვა.
რა მოხდება ვადის გასვლამდე ხელშეკრულება რომ არ განახლდეს?
ხელშეკრულებას ვადა გაუვა და ეგ იქნება. პუტინს სინამდვილეში აღარ სჭირდება ბირთვული არსენალის გაზრდა. ამასთან, ნავთობის ფასის $20 დოლარამდე დავარდნა მისთვის იმას ნიშნავს, რომ მას ამისთვის ფული უბრალოდ არ აქვს. თან, უბრალოდ ქობინების შექმნა ამერიკას სინამდვილეში რუსეთისგან მომავალ საფრთხეს არ გაუზრდის. როგორც თქვენ თქვით, მხარეებს დღეს საშუალო რადიუსის 1155 ქობინი აქვთ. ეს დიდი რაოდენობაა. მე არ მაწუხებს ის, რომ შეთანხმება შეიძლება ვერ შედგეს. ჩვენთვის ამ შეთანხმების მთავარი მიზანი ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დაცვა უნდა იყოს.
თქვენი აზრით, ცივი ომი რაღაც ფორმით ისევ მიმდინარეობს?
უდავოდ. ვფიქრობ, ორი ცივი ომი მიმდინარეობს. პუტინმა დასავლეთს ცივი ომი 2010 წლისთვის გამოუცხადა. ალბათ გახსოვთ, რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები იმაზე, თუ როგორ აქვს რუსეთს შესაძლებლობა, ბირთვული ბომბით გაანადგუროს ამერიკის ქალაქები. მათ დანიის, პოლონეთის წინააღმდეგაც გააჟღერეს მუქარა. პუტინს გადაწყვეტილი აქვს, რომ დასავლეთს უნდა დაემუქროს იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს.
მეორე ცივი ომი ჩინეთში, სი ძინ პინის აღზევებით დაიწყო. ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინამორბედი ლიდერები ზომიერ პოლიტიკას აწარმოებდნენ. მათ ბირთვული იარაღი ჰქონდათ, მაგრამ არსენალს აგრესიულად არ ზრდიდნენ და არ ჰქონდათ აქტიური ტერიტორული დავები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. სი ძინ პინმა ეს ყველაფერი შეცვალა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულები შექმნა და იქ ჯარი განალაგა. გაზარდა ბირთვული არსენალი. ინდონეზია და ვიეტნამი ჩინეთის მუდმივი აგრესიის სამიზნეები არიან. პეკინმა ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის სტატუსთან დაკავშირებული შეთანხმება დაარღვია და ამ ყველაფერთან ერთად, სი ძინ პინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტრადიცია დაარღვია და საკუთარი თავი უვადო პრეზიდენტად გამოაცხადა. მას უნდა, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყოს. ეს კი ავტომატურად ამერიკის გლობალური როლის დასუსტებას ნიშნავს. ასე რომ, ვფიქრობ ორ ცივ ომში ვართ ჩართული ორ სხვადასხვა ფრონტზე.
ამ გამოწვევას თავს კარგად ვართმევთ? კარგად ვართ მომზადებული ორ ფრონტზე ბრძოლისთვის?
არ ვიყავით იმის გამო, რომ საფრთხეს არ ვაღიარებდით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი ჩვენი მოწინააღმდეგეების მტრულ ზრახვებზე. ტრამპის ადმინისტრაცია შექებას იმსახურებს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა და ბირთვული იარაღით პოზიცირების შემუშავებისთვის. ორივე სტრატეგია რუსეთს და ჩინეთს საფრთხედ საჯაროდ ასახელებს. ბოლო-ბოლო დავიწყეთ მათთვის წინააღმდეგობის საჯაროდ გაწევა, ბოლო-ბოლო დავიწყეთ ჩვენი სამხედრო არსენალის მოდერნიზაცია და ჩვენი და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ინტერესების დაცვა.
გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ ევროპაში შეიძლება ახალი ომი დაიწყოს - იქნება ეს რუსეთის მიერ პროვოცირებული, თუ რუსეთის ინტერესებით წარმოებული კონფლიქტი?
არა, და არა წინასწარ განზრახვით. ვფიქრობ, ევროპაში ჩვენი ყოფნა იმდენად ძლიერია, რომ ეს არ მოხდება. ჩვენი ძალა იქ კარგად ჩანს. ამასთან, თუ გავაგრძელეთ ბირთვული შეიარაღების მოდერნიზება, არ მგონია პუტინმა გარისკოს, ან არასწორი გათვლები გააკეთოს. ამ მხრივ ორი საკითხი მაწუხებს. ერთი ისაა, რომ ბოლო დროს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები აგრესიით გამოირჩევიან. იყო შემთხვევები, როცა ისინი ჩვენ შეუიარაღებელ თვითმფრინავებთან ძალიან ახლოს დაფრინავდნენ. თუ მოხდა უბედური შემთხვევა, თვითმფრინავები ერთმანეთს დაეჯახნენ, ამას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. მეორე ისაა, რომ პუტინმა შეიძლება ნაციონალისტური სენტიმენტების მობილიზებით, საკუთარი პოზიციის გამყარება სცადოს. მისი რეიტინგი რეკორდულად დაბალია, ნავთობზე ფასები დაეცა, მისი სამუდამო მმართველობის პერსპექტივით, რუსი ხალხი შეშფოთებულია. ამის შეცვლის მიზნით, მან შეიძლება რამე მოიმოქმედოს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაძლიეროთ შეკავება როგორც ჩვეულებრივი შეიარაღებით, ასევე ბირთვული მოდერნიზებით. მეორე ასპექტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისაა, რასაც თქვენ, „ამერიკის ხმა“ აკეთებთ. აუცილებელია მსოფლიოს ხმა მივაწვდინოთ იმაზე, თუ რას აკეთებენ რუსეთი და ჩინეთი.
ეს რუსეთში ერთგვარი ტრადიცია არის. როგორც კი პუტიტნის რეიტინგები ეცემა, რაღაც ხდება - ძირითად სამხედრო ოპერაცია...
ნამდვილად! მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რა მოხდა 1904 წელს, როცა ნიკოლოზ მეორემ იაპონიასთან ომი იგივე მიზნით დაიწყო.
ეს ომი რუსეთისთვის კარგად არ დამთავრდა.
არა, ეს ომი რუსეთისთვის კარგად არ დამთავრდა.
ათწლეულების მანძილზე თქვენ ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში ხართ ჩართული. ქვეყნებს, განსაკუთრებით ამერიკას, ასეთი კომპლექსური და ნიუანსებით სავსე ურთიერთობები დიდი ხანია არ ჰქონია. თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოვიდეთ უმცირესი დანაკარგებით ამ მყიფე სიტუაციიდან? რას ვაკეთებთ სწორად და რა უნდა შევცვალოთ?
21-ე საუკუნეში, ვშიშობ, რომ იდეოლოგიური კონფლიქტი დაიწყო დემოკრატიულ და ავტორიტარულ მთავრობებს შორის. იდეოლოგიური ჭიდილი, ზოგჯერ, არა ყოველთვის, ომს ქმნის, ისე როგორც ამაზე უკვე ვისაუბრეთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაძლიეროთ შეკავება როგორც ჩვეულებრივი შეიარაღებით, ასევე ბირთვული მოდერნიზებით. მეორე ასპექტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისაა, რასაც თქვენ, „ამერიკის ხმა“ აკეთებთ. აუცილებელია მსოფლიოს ხმა მივაწვდინოთ იმაზე, თუ რას აკეთებენ რუსეთი და ჩინეთი. ამერიკა პორტებს, აქტივებს, ტერიტორიებს არავის ართმევს. ამერიკას აგრესიული საგარეო პოლიტიკა არ აქვს. შეხედეთ ჩინეთს „ჰუავეის და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის გათვალისწინებით, შეხედეთ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს. და შემდეგ შეხედეთ ამერიკის საგარეო პოლიტიკას. თუ ხალხს უკეთ დავანახებთ საფრთხეებს, რომლებიც ავტორიტარებისგან მოდის, ვფიქრობ მსოფლიოში ჩვენი მხარდაჭერა უფრო მეტად გაიზრდება. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. „ამერიკის ხმა“ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.
Facebook Forum