ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-რუსეთს შორის ბირთვული იარაღის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, ჩინეთი დიალოგში მონაწილეობაზე უარს აცხადებს


შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენელი დელეგაციები ერთმანეთს ორშაბათს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდნენ, ბირთვული არსენალის საკითხზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მხარეებს შორის ამ საკითხის განხილვა თითქმის ერთი წელია შეჩერებულია.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ხელმოწერილი რამდენიმე შეთანხმება დატოვა, მათ შორის, ღია ცის შეთანხმება და საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება (იგივე INF).


პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბირთვულ მოლაპარაკებებში მარშალ ბილინგზლი ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს. რუსეთის წარმომადგენლობის ლიდერი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვია. გასულ კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ მოლაპარაკების მიზანი ორმხრივად მისაღები თემების შეჯერებაა, რომლებიც ბირთვული იარაღის სამომავლო კონტროლს ეხება.

პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეგრეთწოდებული, “სტარტის შეთანხმების” მოლაპარაკებაში ჩინეთიც უნდა ჩაერთოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, აქამდე ჩინეთი ბირთვულ იარაღს ისე იმუშავებდა, როგორც სურდა.

„შეერთებულმა შტატებმა ღია მოწვევა გაუგზავნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად და ცხადი გახადა ის, რომ სამივე ქვეყანამ იარაღის კონტროლის მოლაპარაკებებში მონაწილეობა კეთილსინდისიერად უნდა მიიღოს,“ ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩინეთის მთავრობამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ „ჯერ დრო არ მომწიფებულა იმისთვის, რომ ჩინეთმა ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს.

ბილინგზლი პეკინს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ჩინეთმა უარი უნდა გადაიფიქროს. დიდი ძალის სტატუსის მიღწევა დიდი ძალის პასუხისმგებლობებით ქცევას ითხოვს. [...] ვენაში ჩინეთისთვის [მოლაპარაკების მაგიდასთან] ადგილი დატოვებულია.“

რუსეთსა და ამერიკას შორის ახალი სტარტის შეთანხმება 2010 წელს დაიდო. ის თითოეულ მხარეს ზღუდავს იმით, რომ განლაგებული ბირთვული ქობინების რაოდენობა 1550-ს არ გადასცდეს. ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG