ამერიკელი მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, თუ რამ გამოიწვია სასიცოცხლო რისკის შემცველი იშვიათი ანთებითი (ინფლამატორული) სინდრომის გავრცელება, რომელიც ბავშვებში გამოჩნდა და სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსს უკავშირდება. მეცნიერები სასწრაფოდ იწყებენ ახალი კლინიკური კვლევების ორგანიზებას.
პედიატრიული მულტი-სისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები თავდაპირველად ბრიტანეთში, იტალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა. ახლა კი ამერიკაშიც აღირიცხა დაავადებული ბავშვების კლასტერები. პრობლემა სერიოზულია, მას შეუძლია იერიში მიიტანოს ერთდროულად ბევრ ორგანოზე, დააზიანოს გულის ფუნქციონირება და დაასუსტოს მისი არტერიები.
სინდრომი, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება, სრულიად ახალი მოვლენაა და ახალ ინფორმაციას იძლევა მასპინძელ ორგანიზმზე ვირუსის გავლენის გზებზე.
სინდრომის გამო ბრიტანეთში სულ მცირე, ერთი ბავშვი უკვე დაიღუპა. ამერიკაში პედიატრიული მულტი-სისტემური ანთებითი სინდრომით ჯერჯერობით ოფიციალურად არცერთი ბავშვი არ გარდაცვლილა, მაგრამ ექიმი შონ ო'ლერი პედიატრი ინფექციონისტი ამას არ გამორიცხავს.
კოლორადოს ბავშვთა ჰოსპიტლის ექსპერტი და პედიატრთა ამერიკული აკადემიის წევრი ამბობს, რომ ამჟამად პრაქტიკულად ყველა აკადემიური ცენტრი ცდილობს ამ შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოკვლევასა და შეგროვებას. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 5 მაისამდე მონაცემებით, ამგვარი სინდრომის 64 შემთხვევაა დაფიქსირებული და საავადმყოფოს თანამშრომლებს მოუწოდებენ, რომ ყველა ამგვარი შემთხვევის თაობაზე, ჯანდაცვის დეპარტამენტს აცნობონ.
Facebook Forum