ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინ დიდი საფრთხეებია, შეიძლება ჯანდაცვის კოლაფსი მოხდეს - ქართველი პედიატრი საფრანგეთში


კოვიდ-19-ის გამო, 22 მარტს საფრანგეთში ასეთი ვითარება იყო:

  • გარდაცვლილთა რიცხვმა 674-ს მიაღწია
  • ბოლო 24 საათში ვირუსმა 112 ადამიანი იმსხვერპლა
  • მათ შორის ერთი სასწრაფოს მიმღებში მომუშავე ექიმია
  • ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 1 559-ით გაიზარდა
  • საფრანგეთში ჯამში 16 000-ზე მეტი ინფიცირებულია
  • გამოჯანმრთელდა 2 200 პაციენტი
  • კრიტიკულ მდგომარეობაშია 1 746

შექმნილი ვითარების ანალიზი პარიზში მომუშავე ქართველ პედიატრს ქეთი ლობჟანიძეს ვთხოვეთ. 16 000 რომ არის აღრიცხული ინფიცირებული, უნდა ჩავთვალოთ, რომ პრაქტიკულად მათი რაოდენობა ორ-სამჯერ მეტია, ამბობს ის. ქეთი ძლიერ შეშფოთებული ჩანს იმით, რომ ორიოდ დღის წინ, პარიზის ქუჩებში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი სეირნობდა, ვარჯიშობდა, სენის ნაპირზე პიკნიკები ჰქონდათ მოწყობილი და პეიზაჟით ტკბებოდნენ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, სამსახურიდან შინისკენ მიმავალი ხედავდა, რომ პარიზელები საღამოს 6 საათზე არსად მიიჩქაროდნენ და აშკარად არასერიოზულად ეკიდებოდნენ სავალდებულო წესებს.

რა თქმა უნდა, ისეთი სავსე აღარ იყო ქუჩები, როგორც ადრე, მაგრამ წესით, ასე გვიან, ადამიანი კანტი-კუნტად უნდა შემხვედროდა, ამბობს ქეთი. „ხანდახან ვფიქრობ, დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ ქართველები უფრო ევროპელები და უფრო კანონმორჩილი ხალხი ვყოფილვართ. და ჩვენ არ გვიშვებენ ევროპაში?!“

საგანგებო ვითარების ხშირი დარღვევების გამო, საფრანგეთმა ჯარიმები გაამკაცრა. პირველ დარღვევაზე დღეს 135 ევროა, მეორეზე - 1 500. თუ 30 დღის მანძილზე ვინმე სამჯერ დაარღვევს, 3 700 ევროს გადახდა მოუწევს. გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონი 30 დღიდან 6 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმის მიუხედავად, რომ დღეს საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები აქვს, საგანგებო რეჟიმის დამრღვევების რაოდენობა ქვეყანაში მაინც 5 000-ს აღწევს.

ამ ზომებს დაგვიანებულად თვლის ქეთი ლობჟანიძე, რომელიც 12 წელია პარიზში პედიატრად მუშაობს, ჯერ ნეონატოლოგიაში, ახლა კი ნეიროპედიატრიაში. ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ადანაშაულებს იმაში, რომ მან პრიორიტეტად პოლიტიკური პროცესების მართვა აირჩია და ფაქტობრივად „ქვეყანა გადააყოლა“ არჩევნების ჩატარებას. მახსოვს, კვირას არჩევნები მორჩა თუ არა, საღამოსვე დაკეტა რესტორნები და ბარები და საბოლოო ჯამში, საგანგებო ვითარებაც გამოცხადდა, ყვება ქეთი.

„სულ გვაფრთხილებდნენ იტალიელები, რამდენი ინტერვიუ გამოქვეყნდა, მაგრამ ფრანგებმა მაინც დააგვიანეს. აშკარა იყო, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ერთადერთი სწორი სტრატეგიაა ადრეულ ეტაპზევე ყველაფრის დახურვა, კარანტინი და მასობრივი ტესტირება. ამას შეეძლო ეპიდემიის მრუდის ძალიან დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება და პიკის თავიდან არიდება. ახლა კი ისე ჩანს, რომ პიკი გარდაუვალია, წინ დიდი საფრთხეებია და ამან შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. პრინციპში, ის უნდა გვექნა, რაც სამხრეთ კორეამ გააკეთა“ - ამბობს ის.

კითხვაზე, თუ რით მკურნალობენ საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულებს, ქეთი გვპასუხობს, რომ მისი მეგობრის კლინიკაში ცდიან შიდსის წამალს, ანტირეტროვირუსულ მედიკამენტს „კალეტრას“ (Kaletra), მაგრამ ის არც ისე ეფექტური ჩანს. ქეთის თქმით, კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატი ჯერ პრაქტიკულად არ არსებობს. ის ანტივირუსული მედიკამენტები, რომელიც თავიდან ეგონათ, რომ დაავადებას უშველიდა, ჯერჯერობით არც ისე ეფექტური აღმოჩნდა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ვირუსზე ჯერ კიდევ თითქმის არაფერი ვიცით და დაბეჯითებით მეც დიდად ვერაფერს გეტყვით. საერთოდ მტკიცებით ფორმაში ამ ვირუსზე საუბარი უკვე არასწორია, იმდენად იცვლება სიტუაცია. ერთი რამ, რაც ჯერჯერობით აშკარად იკვეთება, ბავშვებს კორონავირუსზე ჯვარედინი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რაც მათ დაავადების მსუბუქად გადატანაში ეხმარება“ - ამბობს ქართველი პედიატრი.

თუმცა, რადგან დაავადება ახალგაზრდებში, ზრდასრულებში და ხანდაზმულებში უმეტესად პნევმონიით რთულდება, პრევენციისთვის, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს რისკის ჯგუფებში მყოფთა პნევმოკოკის ვაქცინით აცრა. თუმცა, ახლა ეს საშიშიცაა, ინკუბაციურ პერიოდში რომ იყოს, ან ასიმპტომური ფორმა ჰქონდეს, ახლა აჯობებს არ აიცრან. ქეთის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი ეფექტი ცნობილი არ არის.

„ვერც კორონავირუსის ვაქცინა დაგვეხმარება ვერაფრით ამ ეტაპზე, ფიზიკურად ვერ მოგვისწრებს. ამიტომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ექიმებს დღეს მხოლოდ დაავადების გართულებების მართვა უწევთ, რომელთა შორის წამყვანია პნევმოპათია, რაც თავისთავად ძალიან რთულია. ასევე ხშირია თირკმლის უკმარისობა, განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებულებში“ - ამბობს ქეთი.

ქართველი პედიატრის თქმით, მისი დილა საქართველოს ახალი ამბების გაცნობით იწყება. ჯერ საქართველოზე ვკითხულობ პირველ რიგში და ვეკითხები ჩემს იქაურ ნაცნობ-მეგობრებს და მერე ვეცნობი საფრანგეთის მოვლენებსო, ამბობს. „საფრანგეთთან კი არა, მთელ ევროპასთან შედარებით, ვიტყვი, რომ საქართველო ძალიან კარგად მართავს ამ პროცესებს. კარგად დაიწყო და იმედია, ასევე გააგრძელებს. ერთადერთი, რაც მაწუხებს, მინდა რომ გამკაცრდეს სიტუაცია და მეტად იცავდნენ რეგულაციებს“.

ქეთი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში. ის „ფეისბუქით“ ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურება. ახლა ძლიერ აღშფოთებულია იმით, რომ ქართული ეკლესია არ ემორჩილება საგანგებო ვითარების რეგულაციებს და დროებით არ წყვეტს, ან ონლაინ რეჟიმში არ გადააქვს წირვა-ლოცვა და მრევლის ზიარება.

"ასეთი უპასუხისმგებლობით კატასტროფის წინაშე ვაყენებთ ქვეყანას! სხვისი სიცოცხლე რა უფლებით უნდა გაწირო, რომელ რწმენაზეა აქ ლაპარაკი?! პატრიარქი ლეონიდე ქოლერამ იმსხვერპლა!​" - წერდა ქეთი ლობჟანიძე კვირა საღამოს თავის „ფეისბუქის“ გვერდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG