კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში დღეს განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა და იტალიელი ექიმებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 20 000-ზე მეტი ინფიცირებული და 1 440-ზე მეტი დაღუპული - ასეთია კოვიდ-19-ის სტატისტიკა იტალიაში. პანდემიის სწრაფი გავრცელების შედეგად, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მქონე სახელმწიფოში, ექიმების და სამედიცინო აპარატურის დეფიციტი შეიქმნა. ჩინეთმა ახლახან იტალიელი ექიმების დასახმარებლად, რომში სამუშაო ჯგუფი გააგზავნა. პეკინი იტალიას 20 000 სკაფანდრს და 10 000 ფილტვის ვენტილატორსაც უგზავნის.
ბუბა კალანდაძე გამოცდილი ქართველი კარდიოქირურგია, რომელიც 28 წელია იტალიაში მუშაობს. მას იტალიაში, საქართველოში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში რამდენიმე ათასი წარმატებული ქირურგიული ოპერაცია აქვს გაკეთებული და დღეს აქტიურად არის ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლის საქმეში. ბუბა კალანდაძეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი მაია ქვარცხავა ვაშინგტონიდან ბერგამოში ტელეფონით დაუკავშირდა. საუბარი 14 მარტს ჩაიწერა.
ბუბა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრმა ჩინეთიდან იტალიაში გადმოინაცვლა. როგორი დატვირთვით მუშაობთ ექიმები დღეს ბერგამოში?
საგანგებო სიტუაციის შექმნისთანავე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას დროებით თავი დავანებე და ადგილობრივ საავადმყოფოებს დახმარება შევთავაზე. დღე-ღამე, რა თქმა უნდა, ნორმირებული აღარ გვაქვს და კლინიკაში საჭიროების მიხედვით ვიმყოფებით.
ჩვენთან საავადმყოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, როგორც იტალიის ყველა სხვა კლინიკაში. კარდიოლოგების უმეტესი ნაწილი, ვინც იქ ჩემამდე მუშაობდა, დღეს კორონავირუსით არის ავად. კლინიკის სახელს, მოდი, ექიმების პირადი ინფორმაციის დაცვის ეთიკური მოსაზრებით, ნუ დავასახელებთ.
ზოგადად ვითარებას რაც შეეხება, ახლა დროის, პრაქტიკულად დღეების მოგებას ვცდილობთ, იმიტომ რომ ინტენსიურ განყოფილებებში ადგილები თითქმის შევსებულია. ამ ვირუსს კი ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს. იმედი გვაქვს, რომ იტალიაში ერთ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა 30 000-მდე არ გაიზრდება, რადგან ამ შემთხვევაში, ინტენსიურ თერაპიას ადგილები არ ეყოფა და სერიოზულ კრიზისთან გვექნება საქმე.
ამასობაში ლომბარდიაში 150 ახალი ინტენსიური თერაპიის ადგილს დაამატებენ, ახალი რეანიმაციები იხსნება, ახალ სუნთქვის აპარატებს ველოდებით. ამას კი დრო სჭირდება. დიდი დეფიციტია ნიღბების, ვგულისხმობ სამედიცინო ნიღბებს. წარმოიდგინეთ რამდენი ექიმი, ექთანი და სხვა სამედიცინო პერსონალია კლინიკაში. ნიღაბი კი ყოველდღიურად უნდა გამოიცვალო.
ვირუსით დაავადების რისკის ჯგუფში ვართ და დაავადების გავრცელების მთავარ რისკ-ფაქტორად ვითვლებით. ჩვენ თუ არ ვიქნებით კარგად დაცულები, მაშინ ხომ ჩვენ თვითონ გავავრცელებთ ვირუსს? პრაქტიკულად, მთავარი გადამტანები ვართ. შესაბამისად, სახლში რომ მოვდივართ, ექიმებია, თუ ექთნები, კონტაქტი აღარავისთან გვაქვს. ბევრი ცდილობს საავადმყოფოსთან ახლოს დარჩეს, რომ ოჯახს ვირუსი არ მიუტანოს.
იტალიამ თავის დროზე ჩინეთის გამოცდილებაზე ვერ ისწავლა და ვერ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები საჭირო ოპერატიულობით. ახლა, იტალიის მაგალითზე, სხვა ქვეყნები ვერ სწავლობენ. დაავადება კი ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ამ დროს თითო დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იცით, პირველი რა თქვეს დასახმარებლად რომში ჩამოსულმა ჩინელებმა? საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, ქუჩებში მაინც საკმაო რაოდენობის ხალხიაო.
დაავადების მართვა როგორ ხდება, თუ ცუდად ვარ და ვურეკავ ექიმს, რა ხდება ამ შემთხვევაში?
ასეთ დროს, თუ სიმპტომები მწვავე არ არის, გირჩევენ სახლში თვითიზოლაციას და რამდენადაც შესაძლებელია, ოჯახის წევრებისგან იზოლირებას. მაგრამ, აუცილებელია რომ არამარტო ცალკე ოთახი, არამედ ცალკე საპირფარეშო და სააბაზანო გქონდეს, რადგან გავრცელება ძირითადად იქიდან ხდება. თუ სიცხემ, ხველამ არ მოიმატა და სუნთქვის პრობლემები არ შეიქმნა, პაციენტებს არც ანალიზს ვუღებთ და არც კლინიკაში გადაგვყავს.
დაახლოებით 80 პროცენტში, დაავადება საერთოდ უსიმპტომოდ მიდის, ან მსუბუქი ჩივილებით, რაც უმეტესად არ გადაიზრდება ხოლმე დაავადებაში. ვფიქრობთ, რომ პრობლემაც თავიდანვე ეს იყო, რომ ვირუსი იმთავითვე სიმპტომების გარეშე გავრცელდა და როცა გართულების პირველი შემთხვევები გამოჩნდა, კოვიდ-19 უკვე ძალიან ფართო არეალზე იყო მოდებული და ჩვენი რეაქციაც დაგვიანებული აღმოჩნდა.
მეორე შეცდომა ის იყო, რომ კი მივიღეთ ზომები, გამოიცა რეკომენდაციები ნაკლები მიმოსვლის, ხელის ხშირი დაბანის და ა.შ. მაგრამ დაგვიანდა კარანტინის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაკეტვის გადაწყვეტილება. ამის გამო, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა, საგანგებო მდგომარეობის დროულად გამოცხადება და მისი მკაცრად დაცვა, კორონავირუსთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მოდით, კარანტინის თემაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. კლინიკის თემა რომ ამოვწუროთ, რა ხდება მაშინ, თუ დავუშვათ, სიმპტომები გამიმწვავდა?
ასეთ დროს რეკავ ისევ და შენი ჰოსპიტალიზაცია ხდება. მოდის სასწრაფო, გადაყავხარ კლინიკაში, გიღებენ ანალიზს, გიკეთებენ რენტგენს და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის სიმძიმეა, განაწილებენ შესაბამის პალატაში, ან რეანიმაციაში.
დაავადებას ახასიათებს ძალიან აგრესიული პნევმონიის გართულება, რაც ადამიანს სასიცოცხლო რისკებს უქმნის. ზოგჯერ პაციენტი გადაგვყავს აპარატზე, რომელიც სისხლის მიმოქცევასაც ხელოვნურად არეგულირებს. ეს აპარატი ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის ფილტვებს ასვენებს და ორგანიზმს ჟანგბადს აწვდის. მსგავსი აპარატურა ქვეყანაში ძალიან ცოტაა და მას მხოლოდ კრიტიკულ პაციენტებზე, ან ახალგაზრდებზე ვიყენებთ, რომელთაც აქვთ შანსი, რომ ამ მეთოდით გადარჩნენ.
რომელიმე პრეპარატზე ხომ არ გაქვთ კარგი შედეგი?
არის პოზიტიური ძვრები ამ მიმართულებით ჩვენთანაც. ნეაპოლშია ერთი კვლევითი კლინიკა, სადაც დაიწყეს მკურნალობა ართრიტების ერთ-ერთი სამკურნალო პრეპარატით. ის ანთების საწინააღმდეგოა და იმუნურ დონეზე მოქმედებს. რამდენიმე ათეულ პაციენტში, რომლებიც რეანიმაციაში არიან ორმხრივი პნევმონიით, გვეუბნებიან, რომ მათ დადებითი შედეგი მიიღეს. მაგრამ, ჯერ მაინც ადრეა წამალზე ლაპარაკი, ეს არ არის საკმარისი რაოდენობა სტატისტიკურად, დადებითი შედეგი მიიღეს მხოლოდ პაციენტების 50-60 პროცენტში ამ ეტაპზე.
ბუბა, დავუშვათ 14 დღე გავიდა. რამდენი ხნის მერე ვარ დანამდვილებით უსაფრთხო საზოგადოებისთვის? და კიდევ: რამდენიმე კვლევაა იმაზე, რომ ვირუსი განმეორებით ემართებათ, ასეა?
სიმართლე გითხრა, 100-პროცენტიანი სიზუსტით პირველ კითხვაზე პასუხს ჯერ ვერავინ გაგცემს. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 6-7 დღე. ამის შემდეგ, ვირუსი უკვე თავს ამჟღავნებს. ორი კვირა იზოლაცია მიღებულია და საჭიროა, რომ მაინც დაზღვეულები ვიყოთ. ზოგ სტატიაში ამბობენ, რომ 20 დღემდე შეიძლება საიკუნბაციო პერიოდი გაგრძელდესო, თუმცა იტალიაში ასეთი შემთხვევები, რამდენადაც ვიცი, არ გვქონია.
მაგრამ, რაკი ეს პანდემიაა, შეიძლება იზოლაცია საჭირო გახდეს ერთი თვეც და ორიც, ვიდრე ინფიცირების სტატისტიკა არ დაიწყებს კლებას ისე, როგორც ეს ჩინეთში მოხდა. ჯერჯერობით იტალიაში შემთხვევების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, არსებობს ამის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი შეიძლება მართლაც შემობრუნდეს, არის ასეთი ფაქტები. სამწუხაროდ, ვირუსით დაავადების შემდეგ, შენ არ გიჩნდება ორგანიზმში ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ერთი თვის შემდეგ, მეორედ მოხდეს ინფიცირება და ისევ დაავადდე.
კიდევ ერთი კითხვა თვითონ ვირუსზე, უფრო სწორად მის გენეტიკაზე: კოვიდ-19-ის იტალიური გენოტიპი ხომ არ არის განსხვავებული, მუტაცია ხომ არ განიცადა ვირუსმა?
რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს სიმართლეა. ბერგამოს შემთხვევებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ვირუსი უკვე მუტაციურია, უფრო აგრესიულია და დაავადება უფრო მძიმე ფორმებით, უფრო მწვავე პნევმონიით მიმდინარეობს. ახალგაზრდებიც არიან უკვე ამ მძიმე ფორმით დაავადებულები ჩვენთან კლინიკაში, რომლებიც ინტენსიურში იმყოფებიან, რთულ მდგომარეობაში.
სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფორმაც უკვე გამოჩნდა იტალიაში. ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზეც დავდე ამასწინათ სტატია იტალიურად, რომელშიც ექიმი ლორინი, ინტენსიურის ხელმძღვანელი, სადაც 90-მდე ადგილი აქვთ, სწორედ ამაზე საუბრობს.
ახალგაზრდები რახან ახსენეთ, ამაზეც მინდოდა მეკითხა. საფრანგეთის სტატისტიკური მონაცემებით, ვირუსით ავადდება ყველა ასაკობრივი ჯგუფი. ავადობაზე მაქვს საუბარი და არა სიკვდილიანობაზე. ასეა იტალიაშიც?
როგორც ბევრი სხვა დაავადება, კოვიდ-19-იც უფრო გამომჟღავნდა და უფრო მძიმედ მიმდინარეობს იმ ადამიანებში, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ან ხანდაზმულები არიან, ან რაიმე დაავადების მატარებლები არიან, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, იმუნური დაავადებების და ა.შ.
რა თქმა უნდა, მათ ვირუსი უფრო მოერევა, მაგრამ შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს, მათ შორის ბავშვებში. ზოგჯერ ბავშვებშიც მძიმედ მიმდინარეობს და ისინი რეანიმაციაშიც ხვდებიან. ინტენსიურში ნახავთ 30, 40, 50 წლის და ზევით ადამიანებს. დაღუპულებს შორისაც არიან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები.
გადავიდეთ კარანტინზე. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ კარანტინს სწორ ნაბიჯად თვლით.
სწორი იყო კი არა, აუცილებელი იყო. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით აქ, იტალიაში, ისე უცებ გავრცელდა კორონავირუსი, გახშირდა დაავადება და გაიზარდა ავადობით გამოწვეული სიკვდილიანობა. სხვა გზა ელემენტარულად არ გვქონდა. ამ მოცულობის ეპიდემიის მორევა წარმოუდგენელია სხვა მეთოდით. ვინმე ამბობს, რომ რაიმე სხვა გზა უფრო კარგად მუშაობს?
ჯანდაცვის რამდენიმე სპეციალისტისგან მომისმენია, რომ სამხრეთ კორეაში უფრო სწორი მართვა მოხდა, სადაც მასობრივი ტესტირების სტრატეგია აირჩიეს. მობილური ცენტრებიც კი გაიხსნა, სადაც ანალიზს მანქანიდან გადაუსვლელად იღებენ. ფაქტია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიაში დღეს 7.17 პროცენტამდე გაიზარდა, სამხრეთ კორეაში კი ფატალობა 1 პროცენტს არ აღემატება, ნაკლებიცაა. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?
კი ბატონო, მესმის რასაც ამბობთ. მე არ ვარ ჯანდაცვის მართვის სპეციალისტი და ეს ჩემი კომპეტენციების ზღვარს სცდება, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით. რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს აქ და შევეცდები მოკლედ ავხსნა.
პირველი: ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მხარე. სამხრეთ კორეელები გაცილებით კანონმორჩილები არიან, ვიდრე იტალიელები. ისინი გამოირჩევიან ხაზგასმული პატივისცემით სხვების და საკუთრი თავის მიმართაც. ჩემი აზრით, ისინი კონტაქტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და ასევე - ჰიგიენის წესებს, გაცილებით უკეთ იცავენ.
ამას ემატება ის ფაქტი, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ დანერგილი და განვითარებული ახალი ტექნოლოგიები და აპლიკაციები. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით, ხდება ინფექციის გავრცელების მონიტორინგი, ჯგუფების დადგენა, გამოვლენა, გამოცალკევება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირება.
და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ესაა სწორედ ის, რაც თქვენ თქვით: მასობრივი ტესტირება. როცა ბევრ ანალიზს აკეთებ, მეტი დაავადებული ვლინდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ამ დიდ მასაში, გაცილებით დაბალია. არც იტალიაში და რამდენადაც ვიცი, არც ამერიკაში, პროცენტულად ამდენი ანალიზი არ კეთდება, როგორც სამხრეთ კორეაში, ხომ? შესაბამისად, რაკი უსიმპტომოებს და მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს ჩვენ ანალიზსაც არ ვუღებთ, გამოდის, რომ არ გვაქვს სრული სურათი დაავადებულების. ჩვენ მარტო იმათ აღვრიცხავთ, ვინც საავადმყოფოში მიდის. გამოდის, რომ უფრო მძიმე ფორმის დაავადების მქონეთა მცირე ჯგუფში, ფატალობის უფრო მაღალ პროცენტს ვიღებთ. ჩვენ რომ იმდენივე ანალიზს ვაკეთებდეთ და ასეთი კარგი აღრიცხვა გვქონდეს, სამხრეთ კორეის მსგავსი შედეგი გვექნებოდა სტატისტიკურად. მე ასე მგონია. თუმცა, 100 პროცენტით, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი.
ქვეყნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ერთი და იგივე მოდელი ყველგან არ მუშაობს. იტალია განსხვავებულია და ვერც ჩინეთის მოდელი იმუშავებდა ზუსტად ისევე ჩვენთან, რადგან ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა და იქ რეგულაციები უფრო მკაცრად არის დაცული, ვიდრე თუნდაც სამხრეთ კორეაში. ის რასაც ჩინეთი ერთ დღში აკეთებს, გამორიცხულია იმავე დროში სხვაგან გააკეთო, ამიტომ არათუ იტალიის, არამედ ჩინეთის და სამხრეთ კორეის შედარებაც არ შეიძლება ჩემი აზრით, ერთმანეთთან.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენთვის იტალიაში და საერთოდ, სხვა ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი გამოსავალი, ერთადერთი გამოსავალი არის მარტო კონტაქტის შეზღუდვა, იზოლაცია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
რა გაკვეთილი შეიძლება იყოს იტალიის გამოცდილება საქართველოსთვის? კულტურულად, მენტალურად, აშკარად საქართველო გაცილებით უფრო ახლოსაა იტალიასთან, ვიდრე ვთქვათ - სამხრეთ კორეასთან, ამერიკასთან, ან ჩინეთთან.
მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ამ ნახევრად გადადგმული ნაბიჯებიდან, მკაცრ, დრამატულ ზომებზე გადავიდეს. სწორი იყო, რომ თავის დროზე დაიკეტა სკოლები. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, უნდა დაიკეტოს ყველაფერი, ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი. თითო დღეს აქვს მნიშვნელობა, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს და სავალალო შედეგები არ მივიღოთ. სასწრაფოდ უნდა დაიკეტოს რესტორნები და ბარები.
სანამ გვიანი არ არის, საქართველომ უნდა მიბაძოს იტალიის მაგალითს, ვიდრე ჯერ კიდევ დაბალია ინფიცირებულთა რაოდენობა. აქ დავაგვიანეთ კარანტინის შემოღება და ძალიან არ მინდა, იგივე მოხდეს საქართველოში. დღესვე უნდა დაკეტოს სახელმწიფომ ყველაფერი, აუცილებელი საჭიროების ადგილების, აფთიაქების და მაღაზიების გარდა.
უნდა შეწყდეს ყოველგვარი ზედმეტი გადაადგილება, მოძრაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მკაცრი იზოლაცია და ჰიგიენა - სხვა გამოსავალი არ არსებობს. თან, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასე იქნება, მერწმუნეთ. გერმანიაც ამ გზას ადგას.
მინდა გითხრათ, იტალიელები კიდევ შედარებით უფრო დამჯერი ხალხია. თითქმის ყველა სახლშია დღეს და გარეთ არავინ აღარ გამოდის, თუ აუცილებელი არაა. თუმცა, ეს დასაწყისში იოლი არ იყო და თავიდან, ლომბარდიაში გამოცხადებული პირველი კარანტინიდან, ათასობით ადამიანი გაიქცა.
მივედით კარანტინის თემამდეც, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენ მკითხველს დააინტერესებს. როგორ ხდება კარანტინის ადმინისტრირება, მაგალითად, როგორ ისჯება დამრღვევი?
ჯარიმა და 3-თვიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუ შენ ქუჩაში ყოველგვარი მოტივის გარეშე გადაადგილდები. შეგიძლია სახლში ამობეჭდო სპეციალური ფორმა, რომელიც უნდა შეავსო და თან გქონდეს, თუკი სახლიდან გადიხარ. მანქანით ხარ, თუ ფეხით, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება პატრულმა გაგაჩეროს და გკითხოს: რატომ ხარ გარეთ?
შინიდან გასვლა შეიძლება მარტო მაშინ, თუ სამსახურში მიდიხარ და შენი სამსახური არ არის დაკეტილი, დავუშვათ თუ ექიმი ხარ, პოლიციელი, ან მეხანძრე. და კიდევ, შეიძლება მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად წასვლა, ან წამალზე გასვლა. ოღონდ, ეს უნდა ხდებოდეს სახლთან ახლოს, დიდ მანძილებზე ვერ გადაადგილდები.
იმის მიუხედავად, რომ ექიმი ვარ, ეს ფორმები ამობეჭდილი მანქანაში მიდევს და ვავსებ, თუ მაგალითად, საავადმყოფოში არ მივდივარ და სხვა მიმართულებით, პროდუქტების საყიდლად გავედი. მაღაზიებში, სხვათა შორის, ბევრი ხალხი აღარ არის და ეს კარგია. დეფიციტი არ გვაქვს ჯერჯერობით, პროდუქტი არ გვაკლია.
Facebook Forum