ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი დაახლოებით 10 შტატში გავრცელდა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის კორონავირუსი 50-დან 42 შტატში ფიქსირდება.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 36-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობაც. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, მათი რიცხვი ბოლო 24 საათში 200-მდე გაიზრდა და ამ დროისთვის, კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 1, 215 ადამიანია ინფიცირებული.
კოვიდ-19-ის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული რამდენიმე შტატში, მათ შორის ნიუ-იორკში, კალიფორნიაში და ვეყნის ქდედაქალაქ ვაშინგტონში - კოლუმბიის ოლქში.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ირკვევა, რომ კორონავირუსით 125 ამერიკელი მოგზაურობის დროს დაინფიცირდა. ინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა 102 ადამიანს, 988-ის შესახებ ინფორმაციის დამუშავება ამ დრომდე ხდება.
რამდენიმე საათში შეერთებული შტატები ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობას დრამატულად შეზღუდავს. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე, ერისადმი მიმართვის დროს გააკეთა. შეზღუდვა ჯერჯერობით 30 დღე გაგრძელდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. კაპიტოლიუმი მოქალაქეების მიღებას 1 აპრილამდე წყვეტს.
Facebook Forum