ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი იცავს ევროპიდან მოგზაურობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დღეს დაიცვა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ევროპიდან ამერიკაში მოგზაურობის შეწყვეტის შესახებ. მაიკ პენსის თქმით, გადაწყვეტილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კორონავირუსის ეპიცენტრმა აზიიდან ევროპაში გადაინაცვლა.

რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკაში კოვიდ-19-ის ფართოდ გავრცელებას ელიან და რომ კორონავირუსით, მოკლე ხანში ათასობით ადამიანი დაავადდება. ევროპიდან მოგზაურობის შეზღუდვა კი მხოლოდ ნაწილია თეთრი სახლის ადმინისტრაციის სტრატეგიისა, რომელიც ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეკავებას ემსახურება.

ევროპის კავშირმა ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება დღეს მკაცრად გააკრიტიკა. ევროპის ლიდერები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს, საღამოს 9 საათზე, ერისადმი მიმართვა მათთან შეუთანხმებლად გააკეთა.

მაიკ პენსის განცხადებით, ამ ეტაპზე ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, 50-ივე შტატი კორონავირუსის ტესტირების კომპლექტებით უზრუნველყოს. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კოვიდ-19-ზე ანალიზების გაკეთებაში კერძო კომპანიების ჩართვაცაა საჭირო. მათ შორის პენსმა "ლაბკორპი" და "ქვესტ-დიაგნოსტიკა" ახსენა, თუმცა დეტალებზე განმარტება არ გაუკეთებია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ტესტირების კომპლექტების გარეშე, ამერიკას ვერ ექნება დაავადებულთა შესახებ სრული ინფორმაცია. ასევე რთულდება აფეთქების ახალი კერებისა და გავრცელების ტენდენციების მონიტორინგი. დღეს არსებული მონაცემებით, ამერიკის ტერიტორიაზე ვირუსი ყველაზე მეტად ორ, ერთმანეთისგან დიდ მანძილზე მყოფ შტატებში გავრცელდა: ვაშინგტონი და ნიუ-იორკი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG