დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ფაქტობრივი ნომინანტის, ჯო ბაიდენის წარმატება პრაიმერების თავდაპირველი, არც ისე წარმატებული სტარტის შემდეგ, დიდწილად სამხრეთ კაროლინასა და სხვა სამხრეთულ შტატებში შავკანიანი ამომრჩევლის მხარდაჭრამ განაპირობა. თუმცა ახლა შავკანიანი ამომრჩევლები და ლიდერები მისგან ვიცე-პრეზიდენოტბის კანდიდატად სწორედ შავკანიანი ქალის არჩევას ელიან.
ბაიდენმა გასულ კვირას კომიტეტი შექმნა, რომელმაც შესაძლო კანდიდატები უნდა შეამოწმოს და ერთი შეარჩიოს და გამოავლინოს. ბაიდენი ამბობს, რომ ეს პროცესი შესაძლოა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. თუმცა ერთ-ერთი დებატებისას მან უკვე დადო პირობა, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტი ქალი იქნება. მაგრამ შავკანიანი ამომრჩევლები მისგან შავკანიანი ქალის შერჩევას ითხოვენ და ხაზს უსვამენ, რომ ბაიდენის, ისევე როგორც მთლიანად დემოკრატიული პარტიის წარმატება დიდწილად სწორედ შავკანიანი ამომრჩევლის არჩევნებაში მონაწილეობასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მათ კი ამ ერთგულებისთვის ხელშესახები შედეგი და პასუხი სჭირდებათ.
"შავკანიან მოსახლეობას სჭირდება აღიარება იმ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათგან დემოკრატიულ პარტიას ჰქონდა", - ამბობს ჰოვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ნიამბი კარტერი.
ბაიდენი უჩვეულოდ ღიად და აქტიურად საუბრობდა იმ ქალ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც შესაძლოა საარჩევნო ბიულეტენზე მასთან ერთად იყარონ კენჭი. მან ორი შავკანიანი ქალი ახსენა, კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი, რომელიც საპრეზიდენტო მარათონს შედარებით ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა და სტეისი აბრამსი, ჯორჯიის გუბერნატორობის ყოფილი კანდიდატი. დასახელდნენ სხვა ქალებიც, მათ შორის ფლორიდელი კონგრესმენი ვალ დემინგსი და ატლანტის მერი კეიშა ლენს ბოთომსი. თუმცა ბაიდენმა სხვა, თეთრკანიანი ქალი კანდიდატებიც დაასახელა, მათ შორის სენატორები ელიზაბეთ უორენი და ემი კლობუჩარი და ასევე მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი.
Facebook Forum