ჯო ბაიდენის ყოფილი თანაშემწე, დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს სექსუალური ხასიათის თავდასხმაში სდებს ბრალს, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა, როდესაც ბაიდენი სენატორი იყო. ბაიდენის კამპანია ბრალდებას უარყოფს.
“ასოშეიტედ პრესთან”ბოლო ორ ინტერვიუში ტარა რიდმა განაცხადა, რომ თავდასხმა კაპიტოლიუმის შენობის სარდაფში, 1993 წლის გაზაფხულზე მოხდა. მან ხუთშაბათს, ვაშინგტონში პოლიციაში განცხადება შეიტანა, რომელშიც აცხადებს, რომ 1993 წელს ის დაუსახელებელი პირის მხრიდან სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამ განცხადების ასლი “ასოშეიტედ პრესმა” მოიპოვა.
რიდი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მიმართ ბრალდებებით პირველად არ გამოდის. გასულ წელს, რიდმა ბაიდენს საჯაროდ დასდო ბრალი სხეულზე შეუსაბამო შეხებაში, მაგრამ სექსუალური თავდასხმა არ დაუბრალებია.
ბაიდენის კამპანიის მენეჯერის მოადგილემ და კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა, გამოქვეყნებულ განცხადებაში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შესახებ თქვა: “მან საკუთარი საჯარო ცხოვრება მიუძღვნა იმ კულტურის კანონების შეცვლას, რომელიც ქალების წინააღმდეგ ძალადობას შეეხებოდა”, ამით მიანიშნა მის მუშაობაზე, რომელიც ქალების წინააღმდეგ ძალადობის კანონის მიღებასთან იყო დაკავშირებული. მან ბაიდენზე ასევე თქვა: “მას მტკიცედ სჯერა, რომ ქალებს აქვთ უფლება საკუთარი ხმა გააგონონ და მათ პატივისცემით მოუსმინონ.” თუმცა იქვე დაამატა: “ასეთი განცხადებები დამოუკიდებელმა პრესამ გულდასმით უნდა გადაამოწმოს. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ნათელია: ის სიმართლე არაა. ეს აბსოლუტურად არ მომხდარა.”
დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციების შერჩევის ადრეულ ეტაპზე, რამდენიმე ქალმა ბაიდენს სხეულზე არასასურველ შეხებაში დასდო ბრალი და თქვეს, რომ ჩახუტებით და ხელის დაჭერით თავს უხერხულად გრძნობდნენ. მაშინ რიდი იმ ქალებს შორის იყო, ვინც ასეთი განცხადება გააკეთა.
Facebook Forum