ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერის საგანგებო განცხადება აქციის დაშლასთან დაკავშირებით


რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოფისიდან განცხადება გააკეთა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ. ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძის თქმით, ვითარება, რომელიც შეიქმნა მათი გუნდის "ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად", სამართლიანად გახდა თანამოქალაქეების "გულწრფელი პროტესტის მიზეზი". პრემიერი აცხადებს, რომ მათმა პოლიტიკურმა გუნდმა ინციდენტი დღის პირველ ნახევარშივე "სრულად" აღკვეთა. "შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს" - აღნიშნავს პრემიერი.

თუმცა, ამის მიუხედავად, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 7 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის გულწრფელი პროტესტი გამოიყენებულ იქნა "დესტრუქციული პოლიტიკური ძალების" მიერ. პრემიერის თქმით, ეს ძალები გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

"რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები".

პრემიერი აცხადებს, რომ პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. მისი თქმით, ახლა ყველაზე მთავარია, დაშავებულების ჯანმრთელობას მიხედონ.

"ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე" - აცხადებს პრემიერი. თუმცა, ის ასევე პირობას დებს, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცემა "უპასუხისმგებლო და დესტრუქციული" ოპოზიციის იმ ლიდერების ქმედებას, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია.

ბახტაძე თვლის, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა ახლა სიტუაციის დეესკალაციაა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები.

გამოსვლის ბოლოს, პრემიერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ. "ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს“ - განაცხადა პრემიერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG